ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში 29 მაისს ათი საათისათვის შემოვიდა, სიმბოლური ესტაფეტით იგი მეჩირაღდნეებმა ახალციხის ციხემდე აიტანეს. საქართველოს ჰიმნის ფონზე, საზეიმო ვითარებაში ცეცხლი, ქალაქის მერმა ქონგურზე აიტანა და აანთო. ღონიძიებას მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანიც დაესწრო და ადგილობრივებს სამცხე–ჯავახეთში ცეცხლის შემოსვლა მიულოცა.
სამცხე–ჯავახეთში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა, გალა კონცერტით აღინიშნა. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, სპეციალურად დამონჯაჟებულ სცენაზე ერთმანეთს ქართული ესტრადის ვარსკვალავები ენაცვლებოდნენ. ანრი ჯოხაძემ, ნინი ბადურაშვილმა, ნინო ჩხეიძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, დათუნა მგელაძემ, ტაკო გაჩეჩილაცემ და სხვა მომღერლებმა ყველასათვის ნაცნობი სიმღერები შეასრულეს. კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.
29 მაის სამცხე–ჯავახეთში, ოლიმპიური ცეცხლი ხულოს გავლით, პირველად ადიგენში შემოვიდა. ცეცხლი სიმბოლური ესტაფეტით ხუთმა მეჩირაღდნემ, მოჭიდავე ზურა ფეიქრიშვილმა, „იმედის გმირმა“ მინდია შაინიძემ, რაგბისტიმა შოთა ხარშილაძემ და ასევე, ფეხბურთის მწრთვნელებმა ლევან ძაძამიამ და დავით დანგაძემ დაბის ცენტრში შემოიტანეს. ადიგენში ოლიმპიურ ცეცხლს კონცერტით დახვდნენ, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრიმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მიიღეს.
ოლიმპიური ცეცხლი ახალციხიდან 31 მაისს ასპინძასა და ახალქალაქში გადაინაცვლებს, ხოლო 1 ივნისს ნინოწმინდაში. რის შემდეგაც ესტაფეტა წალკაში გაგრძელდება. ოლიმპიური ჩირაღდანი 16 ივნისს ბორჯომის მუნიციპალიტეტსაც მოივლის. ესტაფეტაში მონაწილეობას 700 მეჩირაღდნე იღებს. შეგახსენებთ, რომ, 26 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით თბილისში მე-13-ე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. დედაქალაქს 49 ქვეყნის 3 800 მონაწილე ესტუმრება, ისინი ძალებს სპორტის 9 სახეობაში მოსინჯავენ. ოლიმპიური ცეცლხი საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან საქართველოში, 26 მაისს შემოვიდა.
|