ახალციხის მოტოკლუბმა „რაიდერს დრიმმა“ 2015 წლის საზაფხულო სეზონი გახსნა. ბაიკერებმა ქალაქში მოტოციკლებითა და კვადროციკლებით მსვლელობა და საჩვენებელი რბოლა მოაწყეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოტომოყვარულებმა სეზონი მსგავსი მასშტაბური ღონისძიებით გახსნეს.
30–მდე მოტომოყვარული დილიდან ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა, საიდანაც ექსტრემალებმა სტარტი აიღეს. ბაიკერებმა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს. სეზონის გახსნაში მონაწილეობა, ადგილობრივი სპორტსმენების გარდა, რუსეთიდან ჩამოსულმა სამმა ბაიკერმა მიიღო. დიმიტრი მერეგას გუნდი ევროპაში მოტოებით უკვე დიდი ხანია მოგზაურობს.
საჩვენებელი რბოლა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მოტომოყვარულების შეჯიბრს თვალს ადგილობრივები ადევნებდნენ. ორგანიზატორების თქმით, კლუბის მიზანი ახალგაზრდების მოტოხელოვნებით დაინტერესება და ახალციხეში სპორტის ამ სახეობის უკეთ განვითარებაა.
მოტორბოლა ახალციხის მერიის მხადრაჭერით ჩატარდა. გიორგი კოპაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და მოტოსპორტის განვითარებას უწყობს. ქალაქის მერმა სპორტსმენები 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟა.
“რაიდერს დრიმი” ახალციხეში 8 წელია ფუნქციონირებს. კლუბის ხელმძღვანელებს მოტოსკოლაც აქვთ გახსნილი, სადაც ახალგაზრდებს მოტოციკლის უსაფრთხო მართვას ასწავლიან. ბაიკერებმა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია აქტიურად ბოლო რამდენიმე წელია დაიწყეს. ორგანიზატორების თქმით, ასეთივე მასშტაბური იქნება 2015 წლის სეზონის დახურვა, რომელიც შემოდგომით გაიმართება.
|