ახალციხელი ამირან გოგოლაძე ლას-ვეგასში იბრძოლებს
ახალციხელი სპორტსმენი, GFC-ს მებრძოლი ამირან გოგოლაძე კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის ემზადება. ის აშშ-ში, Dan White's Contender Series-ზე იბრძოლებს. მისი მეტოქე ამერიკელი დარიუს ფლოვერსია. ორთაბრძოლა საქართველოს დროით 24 აგვისტოს, გამთენიისას, ლას-ვეგასში გაიმართება. გამარჯვებული UFC-ის ოთხბრძოლიან კონტრაქტს მოიგებს.
"როგორც იქნა, ვიზა ავიღე და ახლა თავისუფლად შემიძლია გავფრინდე აშშ-ში, რათა ჩემი კარიერის ყველაზე დიდი ბრძოლა ჩავატარო! ჩემი მთავარი მეტოქე - უვიზობა უკვე დავამარცხე და წინ ვერავინ და ვერაფერი დამიდგება! საქართველოსათვის!", - წერს ამირან გოგოლაძე სოციალურ ქსელში.
სამცხე-ჯავახეთის შერეული ორთაბრძოლების მიხეილ მესხის კლუბ "13 LEGION"-ის კაპიტანი ამირან გოგოლაძე არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც UFCDWC-ის შესარჩევ ტურნირზე პირდაპირ საქართველოდან მოხვდა. იგი ამერიკაში "13 LEGION"-ისა და Guram Fight Club-ის სახელით იასპარეზებს.