ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ვეტერანი სპორტსმენის ოჯახის ახლობელმა.
ლევან თედიაშვილი დაიბადა 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1972 და 1976 წლებში). გარდა ამისა, იყო მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში (1973).
1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.
2003 წელს ლევან თედიაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) გამოაცხადა ყველა დროის დიდების დარბაზის წევრად.
ლევან თედიაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა 1987 წელს გადაღებულ რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“.
რეჟისორი სანდრო ელოშვილი წერს:
,,უდიდესი კაცი წავიდა... ლეგენდარული ლევან თედიაშვილი!
გარდა იმისა რომ 4 გზის მსოფლიო და 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონია, ჩემი აზრით 100 გზის ჩემპიონია კაცობაში და ადამიანობაში!
მარტო ის რად ღირს, ირანში რომ მოიგო ფინალი, ჯილდოებზე და პრიზებზე უარი თქვა და შაჰს ერთი მოჭიდავის ციხიდან გამოშვება სთხოვა, რომელსაც 35 წელი ჰქონდა მისჯილი...
19 წლის ბიჭი, ვახო რომ ომში წავიდა, გაყვა... სად მოდიხარო? რომ ჰკითხა შვილმა, შენზე ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარებიო... ვერ ქნა, ხელებში ჩააკვდა... ამ ტკივილით იცხოვრა...
საერთოდ ბევრი ტკივილით იცხოვრა ადამიანმა, რომელსაც მთელი ქვეყნისთვის გაუთავებელი სიხარული მოჰქონდა... ასეთია ბედი და ფასი საქართველოში დიდად ყოფნის!
ლევან თედიაშვილს გაუმარჯოს! მშვიდობით ჩემპიონო!".