ახალციხის ცენტრალურ პარკში საქართველო-თურქეთის მატჩის ჩვენება გაიმართება
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიული მატჩის პირდაპირი ჩვენება ახალციხის ცენტრალურ პარკში, დიდ ეკრანზე გაიმართება.
ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა დრამერ-შოუ და მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრების მონაწილეობით ფლეშმობი 19:40 სთ-ზე გაიმართება;
20:00 საათზე კი საქართველო- თურქეთის საფეხბურთო მატჩის ჩვენება დაიწყება.
ადგილზე გამოიფინება ეროვნული დროშები და საფეხბურთო ატრიბუტიკა, მოეწყობა კვების სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი მეწარმეები.
საფეხბურთო მატჩის ჩვენებას გულშემატკივრებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
„დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით. დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ენით აუწერელია სიამაყის გრძნობა, რომელიც დღეს თითოეულ ჩვენგანს დაგვეუფლება" - აღნიშნავს პრემიერი ირაკლი კობახიძე.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას დღეს გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება.