ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ - ესპანეთის მწვრთნელი საქართველოსთან შეხვედრაზე
"პორტუგალიასთან დამარცხების შემდეგ მოტივაციამ ქართველები უფრო საშიშები გახადა" - ამის შესახებ განცხადება ესპანეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ გააკეთა.
ახალი მეტოქე დებიუტანტი ქართველების მიმართ პატივისცემას გამოხატავს და მოახლოებული მატჩის წინ ვარაუდობს, რომ 30 ივნისს მოედანზე დაძაბული თამაში იქნება.
,,ეს არის გუნდი, რომელიც დიდ ტურნირზე თამაშობს და ამარცხებს პორტუგალიას. ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი იხვეწებოდნენ და პროგრესირებდნენ თავიანთ საქმეში. მოგვიწევს ჩვენი საუკეთესო ვერსიის ჩვენება, რათა გვქონდეს გასვლის შანსი. ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება, რადგან პორტუგალიასთან დამარცხების შემდეგ მოტივაციამ ისინი ახლა უფრო საშიშები გახადა. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი იდეა, ჩვენს ფეხბურთელებს ეს ესმით.
მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან წინ წავიდნენ და თამაშს აუმჯობესებენ. მოგვიწევს, რომ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.
ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გარკვეულწილად შეცვალეს სისტემა, მაგრამ არა თამაშის იდეა. მათ ჰყავთ ძალიან სწრაფი მოთამაშეები, რომლებიც ძალიან სწრაფად გადადიან კონტრშეტევებზე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. გარდა ამისა, მათ ევროპირველობაზე სამი მატჩის ჩატარებით უდიდესი გამოცდილება მიიღეს. ასევე, საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის.
გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ და ჩემს ფეხბურთელებს ეს გაცნობიერებული აქვთ. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ერთადერთი ნაკრები ვართ, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო", - აღნიშნა ესპანეთის მწვრთნელმა დელა ფეუენტემ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია. ქართველმა ფეხბურთელებმა მინიმალური შანსი ბოლომდე გამოიყენეს, პორტუგალიელების უძლეველობის მითი დაამსხვრიეს და თამაში გამანადგურებელი ანგარიშით დაასრულეს.
საქართველოს ნაკრებმა აუფ შალკეს მოედანზე დაამარცხა გუნდი, რომელიც წლების წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხვიჩა კვარაცხელიას გახსნილი ანგარიშით და გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით ახალი ისტორია დაიწერა. ეროვნული ნაკრები ახლა ახალი ბრძოლისთვის ემზადება. მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი, ესპანეთი იქნება. თამაში კიოლნში, 30 ივნისს გაიმართება.