ეროვნული ნაკრების დასახვედრად საზეიმო ღონისძიება გაიმართება
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. გულშემატკივრები სკანდირებენ: "მადლობა", "საქართველო".
ქომაგები აეროპორტში, დილიდან, დროშებითა და სანაკრებო მაისურებით მივიდნენ.
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. როგორც მთავრობის ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება.
„2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე - საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.