მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს ეწვია. ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტული კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრმა ასპინძის სარაგბო ბაზა მოინახულა. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად დაათვალიერა ბაზამდე მისასვლელი გზა, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აკეთებს. ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა ახლადდაფუძნებულ სარაგბო კლუბ „ტაოს” მოთამაშეებსა და მწვრთნელებს და მათ საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა. ასპინძის სარაგბო ბაზაზე 300-მდე მოზარდი ვარჯიშობს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ასპინძაში ახლადგარემონტებულ საჭიდაო დარბაზშიც იმყოფებოდა, სადაც ძიუდოს კლუბ „შორეთის” წევრებს შეხვდა და მათ ძიუდოს კიმონოები, ქართული ჭიდაობის ჩოხები, სპორტული მაისურები და დარბაზში ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარი გადასცა.
ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რეგიონში ვიზიტი, ახალციხის სასპორტო სკოლაში დაასრულა, სადაც ძალოსანთა კლუბის წევრებს შეხვდა და მათ მიღწევებს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან იმ პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა, რომელიც რეგიონში სპორტის მიმართულებით ჯერჯერობით ისევ არსებობს და გამოთქვა მზადყოფნა , რომ ყველა საკითხი, ერთობლივი ძალებით გადაჭრან.