ახალციხელი სპორტსმენი რუს მეტოქესთან შესახვედრად ემზადება
ახალციხელი სპორტსმენი M-1 Challenge 87–სთვის ემზადება.
ტურნირი 9 თებერვალს, სანკტ–პეტერბურგში გაიმართება. ამირან გოგოლაძე რუს სპორტსმენს შეხვდება. სტანისლავ პოდოლსკი ოთხი წელია შერეული საბრძოლო ხელოვნების ტურნირებში მონაწილეობს. ის არის პეტერბურგის ვიცე-ჩემპიონი MMA-ში, მოგებული აქვს ქალაქის თასის ერთ-ერთი ეტაპი და 6 პროფესიონალური ბრძოლიდან 5 შეხვედრა.
"ეს არის ამირანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა. ყველაფერს გააკეთებს, რომ ასახელოს ჩვენი კლუბი, ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქვეყანა. ამ ორგანიზაციაში ძალიან მაღალ დონეზე მიდის მომზადება. M-1–ში ერთი ბძოლით ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდები. სპორტსმენს პროფესიონალური შეჯიბრება 5–6 თვეში ერთხელ უწევს. თუ მოიგებ 6-7 შეხვედრას, ორგანიზაცის ვერსიით გახდები მსოფლიო ჩემპიონი. ამირანმა ერთი ბრძოლა უკვე მოიგო, ახლა უწევს მეორე შეხვედრა. რაც ზევით მიდიხარ, მით უფრო რეიტინგულ და ძლიერ სპორტსმენებთან გიწევს ბრძოლა", – ამბობს ამირან გოგოლაძის მწვრთნელი მიშა მესხი.
20 წლის ახალციხელი სპორტსმენი კლუბ "13 ლეგიონი"-ს წევრია. ამირან გოგოლაძე MMA- ში საქართველოს ჩემპიონი, ჩინეთის WLF ვერსიით გამარჯვებული და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია გრეპლინგში.