ახალქალაქში, ხუთი თვის წინ აშენებულმა სათამაშო მოედნის ბეტონის ფენამ რღვევა დაიწყო. ბავშვებმა ახლადაშენებულ მოედანზე ორმო ფეხბურთის თამაშის დროს ნახეს.
,,ფეხბურთს ვთამაშობდით, როცა მოულოდნელად ვიგრძენით, რომ ფეხქვეშ მიწა მოძრაობდა. თავიდან ვერ მივხვდით რა ხდებოდა, მიწისძვრა გვეგონა, გაოგნებულები ვიდექით – სათამაშო მოედანი ჩაინგრა. მწვანე საფარი რომ ავწიეთ, მის ქვეში დიდი ორმო დავინახეთ" – ინტერნეტგამოცემა ,,ჯეინიუსთან" იხსენებენ მეგობრები არტაშესი და გევორქი.
პატარა ფეხბურთელები ამბობენ, რომ ჩანგრეული მოედანი მათ სამი დღის წინ ნახეს. ახალქალაქის მესამე საბავშვო ბაღის უკან მდებარე სათამაშო სპორტული მოედანი, 2017 წლის ნოემბერში გაკეთდა.
,,როგორც კი ბავშვებმა თამაში დაიწყეს, ნახეს, რომ ბადე გაწყვეტილი იყო, ქსელის მესამე ფენა არ გაკეთებულა, ნაგავი არავის გაუტანია" – აცხადებენ ადგილობრივები.
ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი სათამაშო მოედნის მშენებლობის დროს დაშვებულ შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას.
,,როდესაც პრობლემები ჩნდება ტენდერში გამარჯვებული შემკვეთისკენ იშვერს ხელს – არადა სინამდვილეში ორივე პასუხისმგებელია განხორციელებულ პროექტზე" – აცხადებს კარაპეტ პალოიანი.
წყარო: ჯეინიუსი