რეგიონი
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით "14 სექტემბრის 20:00 საათიდან ცეცხლი თითქმის მთელი მიმართულებით შეწყდა". ამ დროისთვის, შეთანხმების დარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა.
აზერბაიჯანის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
პარალელურად, გუშინ ერევანში პარლამენტისა და მთავრობის შენობებთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ.
სომხეთის ოპოზიციამ მმართველი პარტიის დეპუტატებს ნიკოლ ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისკენ მოუწოდა. პარლამენტის 35-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, პრემიერმინისტრისა და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დაწყების შესახებ.
პარლამენტისა და მთავრობის შენობებთან შეკრებილი დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ფაშინიანი აზერბაიჯანის ყველა მოთხოვნას დათანხმდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ფაშინიანმა უარყო და თქვა, რომ "აზერბაიჯანთან არავითარი დოკუმენტი არაა ხელმოწერილი და არ მზადდება ხელმოწერისთვის".
***
13 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
უწყების ცნობით, დაიბომბა გორისი, სოტკი, ვარდენისი და ჯერმუკი.
ამავე დროს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ერევანი დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მიმართულებით დივერსიაში დაადანაშაულა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის გაერთიანებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის ქვედანაყოფებს შორის ტერიტორია დანაღმეს მთიანი რელიეფისა და ხევების გამოყენებით.
სომხეთმა დახმარებისთვის რუსეთს, ODKB-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს მათი შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება დაიდო.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა 14 სექტემბერს ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან შეტაკებების სომხეთის მხრიდან 105 ადამიანი დაიღუპა.
დღეს, 15 სექტემბერს სომხეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ODKB) მისიის პირველი ჯგუფი ჩაფრინდება.
ამასთან, გამოცემა Reuters თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში პარასკევს შეხვდებიან და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების შესახებ ისაუბრებენ.
გააზიარეთ :