არქიეპისკოპოსმა გალსტანიანმა მღვდელმსახურება შეიჩერა, რათა სომხეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს
არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა, რომელიც ანტისამთავრობო მოძრაობის "ტავუში სამშობლოსთვის" ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ აპირებს პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას.
ამის შესახებ მან 26 მაისს განაცხადა, მისი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მასობრივ დემონსტრაციაზე ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე. დემონსტრაციას 23 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
"ტავუში სამშობლოსთვის" აზერბაიჯანთან დელიმიტაციის პროცესის წინააღმდეგ შეიქმნა. ეს პროცესი ტავუშში 20 აპრილს დაიწყო.
კვირას, გამოსვლისას, გალსტანიანმა თქვა, რომ მან მიმართა სომხურ ეკლესიას, "გაეყინა მისი 30-წლიანი სულიერი მსახურება". მან აღნიშნა, რომ შეწყვიტა მღვდელმსახურება, პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან საუბრის შემდეგ, რომლებიც დაეთანხმნენ, რომ მღვდლის რანგში, პრემიერ-მინისტრობისთვის ვერ იბრძოლებდა.
დღეს, 26 მაისს, სომხურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ გალსტანიანის "საეპისკოპოსო ორდენი შენარჩუნებულია, [თუმცა] მისი საეკლესიო და ადმინისტრაციული სამსახური შეჩერებულია".
თუმცა, როგორც სომხეთ-კანადის ორმაგი მოქალაქე, გალსტანიანს, კონსტიტუციურად, არ აქვს პრემიერ-მინისტრობის უფლება.
კითხვაზე, თუ როგორ აპირებდა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობის დაკავებას, კონსტიტუციური ბარიერის გათვალისწინებით, გალსტანიანმა თქვა, რომ ის "იმოქმედებს კანონის მოთხოვნების შესაბამისად და ყველა შესაძლო სამართლებრივი გზით".
საპროტესტო აქციის დროს გალსტანიანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები აპირებდნენ მსვლელობას ერევანში ფაშინიანის რეზიდენციისკენ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შესახვედრად.
გამოცემა on.ge-ს ცნობით, კვირას, საპროტესტო აქციის დროს, გალსტანიანმა მოუწოდა საზოგადოებას, ორშაბათ დილიდან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტები დაეწყოთ, მაგრამ მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, არ გადაეკეტათ გზები ლორისა და ტავუშის მიმართულებით, ეს ორი პროვინცია მძიმე წყალდიდობის შედეგად დაზარალდა.
ორშაბათის მდგომარეობით, სულ 284 მომიტინგე დააკავეს დაუმორჩილებლობის აქტების ჩატარების გამო, 278 კი იმავე დღეს გაათავისუფლეს.
სპეცრაზმი სომხეთის ალიანსის დეპუტატ აშოტ სიმონიანსაც გაუსწორდა ფიზიკურად. ინციდენტის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები სიმონიანს გარს ეხვევიან, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, მიწაზე აგდებენ და სცემენ.
მოძრაობა "ტავუში სამშობლოსთვის" აცხადებს, რომ ერთი აქციის მონაწილე, პოლიციელების მიერ ცემის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
პოლიციამ, ასევე, გამოიყენა ცრემლსადენი გაზი ერევანსა და სისიანში, მომიტინგეების დასაშლელად. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს პოლიციიდან ცნობები იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილემ პოლიციის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მანიფესტანტი, მოგვიანებით, დააკავეს.
მთიანი ყარაბაღის ყოფილი ოფიციალური პირები "ახალისებენ ხალხს, დაესწრონ საპროტესტო აქციებს"
პარასკევს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, მთიანი ყარაბაღის ყოფილი ოფიციალური პირების შესახებ, სადაც მოსაუბრეები მსჯელობენ კვირის აქციის ორგანიზებასა და ხალხის მობილიზებაზე.
იმავე დღეს, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დააკავა მამაკაცი, რომელიც, აქციაზე წასვლის სანაცვლოდ, მოსახლეობას ქრთამს აძლევდა. მოგვიანებით, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამაკაცი იყო ჰაიკ შამირიანი, მთიანი ყარაბაღის ასკერანის (ასგერანის) ყოფილი მერი.
შამირიანს შინაპატიმრობა მიუსაჯეს და დამატებით, ბრალი წაუყენეს თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბებაში. გავრცელებული ინფორმაციით, იმავე ბრალდებით დააკავეს მთიანი ყარაბაღის ადგილობრივი თემის კიდევ რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი.
საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დაკავებულებმა 6000–დან 8000 დრამამდე ($15.5–$21) მოისყიდეს დაახლოებით 20 ადამიანი გეღარქუნიდან, რათა მონაწილეობა მიეღოთ აქციაში. მათ ბენზინის, საკვებისა და სასმელის ხარჯების ანაზღაურებაც შესთავაზეს.
ამ დაპატიმრებების შემდეგ გალსტანიანმა თქვა, რომ ეჭვობდა, მისი სასტუმროს ნომერში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების შესახებ.