11 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება
სარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება.
„ღონისძიების მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას, ისინი ასევე თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს - რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება"- ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.