საქართველო მეორე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსებმა 2024 წელს უძრავი ქონება იყიდეს
რუსებს შორის უცხოეთში უძრავი ქონების შესაძენად საქართველო მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ტაილანდი უსწრებს.
კერძოდ, წელს უცხოეთში უძრავი ქონების შესაძენად რუსების მთლიან განაცხადებში საქართველოს წილი 13,6%-ია. შედარებისთვის: 2023 წელს საქართველო მხოლოდ მეექვსე ადგილზე იყო. ამის შესახებ rbc საერთაშორისო საბროკერო კომპანია Tranio со-ს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
წელს რუსების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა, 2023 წელთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა, ხოლო მასიური რელოკაციის 2022 წელთან შედარებით მხოლოდ 1%-ით მოიკლო. ექსპერტები ქვეყნით დაინტერესების ზრდას შესვლის დაბალი ბარიერით ხსნიან, რაც 35 ათასი დოლარიდან იწყება. მიზეზი, ასევე, საქართველოში რუსების ნაწილის რელოკაციაა.
უძრავი ქონების შესაძენად რუსებისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყანა ტაილანდია, ხოლო წამყვან სამეულს არაბეთის გაერთიანებული საემიროები ხურავს. თუ სხვადასხვა ქვეყანაში უძრავ ქონებაზე რუსების საინვესტიციო განაცხადების წილი, საშუალოდ, 38–43%-ს შეადგენს, ტაილანდში ეს მაჩვენებელი 75%-ს აღწევს.
წელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროების წილი მთლიან განაცხადებში 7,5%-ია, ხოლო მოთხოვნა წლის განმავლობაში 21%-ით შემცირდა. ეს მაშინ, როცა 2023 წელს საემიროები ლიდერობდა, ხოლო წლევანდელი ლიდერი, ტაილანდი მესამე ადგილს იკავებდა. მეორე ადგილზე საქართველოს ნაცვლად გასულ წელს საბერძნეთი იყო.
რუსებისთვის უძრავი ქონების შესაძენად პოპულარული ქვეყნების წლევანდელი 10-ეული ასეთია:
ტაილანდი - 14.7% (+38%)
საქართველო - 13.6% (+10%)
არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 7.5% (-21%)
საფრანგეთი - 6.5% (-10%)
ესპანეთი - 6.3% (-17%)
საბერძნეთი - 6.3% (-19%)
თურქეთი - 5.6% (-25%)
კვიპროსი - 5.3% (+15%)
ინდონეზია - 4.7% (+30%)
ჩეხეთი - 4,1% (+55%)