ახალციხელი გოგო გენური ინჟინერიის სამყაროში მხარდაჭერის გარეშე
19:45 / 31.05.2021
რა გავლენას ახდენს კალციუმის იონები მცენარის ზრდაზე, როგორ მზადდება ასპირინის ფხვნილი სხვადასხვა პირობებში და ხსნარში მარილის კონცენტრაციის გავლენა ფერმენტ ამილაზას აქტივობაზე - ეს სამი მცირე „კვლევა“ნინო ჟუჟუნაძის სახელზე ირიცხება. რომელიც უჯრედულ ბიოლოგიას მინერვას უნივერსიტეტში ისწავლის. 18 წლის ახალციხელმა გოგომ წელიწადში 21 000-დოლარიანი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა თანხა, რომელიც გამგზავრებისთვის სჭირდება, საქართველოში ვერც ერთი უწყების ბიუჯეტში გამოინახა.
მცენარეების ზრდაზე კალციუმის იონების გავლენის შესწავლა მეთერთმეტე კლასში დაიწყო. მომდევნო წელს ორი მცირე კვლევა ჩაატარა - მეთორმეტე კლასში ასპირინის ფხვნილის სხვადასხვა პირობებში დამზადება სცადა და დააკვირდა ხსნარში მარილის კონცენტრაციის გავლენას ფერმენტ ამილაზას აქტივობაზე.
„ეს ფერმენტი პასუხისმგებელია ჩვენს ორგანიზმში სახამებლის დაშლაზე, ასევე გამოიყენება საცხობ ინდუსტრიაში. ფერმენტის აქტივობას იოდის ტესტით, არაპირდაპირი გზით ვაკვირდებოდი“, - გვიყვება ნინო.
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერებით მეცხრე კლასიდან დაინტერესდა. ერთ-ერთი უნივერსიტეტის ლაბორატორიაში სტუმრობისას აღმოაჩინა, რომ თავს კომფორტულად სწორედ ასეთ გარემოში გრძნობდა.
„პატარაობიდანვე, მაშინ ვგრძნობ თავს კარგად, როცა რაღაცას ვხსნი. ყველაზე თავდაჯერებული მაშინ ვარ, როცა მაგალითად, ქიმიის გაკვეთილზე ვხსნი რაიმეს. მერვე, მეცხრე კლასიდან ამ პოზიციაში ვხედავდი ჩემს თავს“.
13 წლისამ გადაწყვიტა რომ უჯრედულ ბიოლოგიას, უფრო კონკრეტულად კი გენეტიკურ ინჟინერიას შეისწავლიდა. ის, რაც უმეტესობისთვის რთული და ჩახლართულია, ნინოსთვის საინტერესო და აღმოჩენებით სავსე სამყაროა. „მეცნიერებაში მთავარი ცნობისმოყვარეობაა“, - ამბობს ნინო და ამ თვისებას მიაწერს მიკროსკოპს მიღმა არსებული უმცირესი ნაწილაკების მიმართ მის ინტერესს.
როცა ქვეყანა „პოლიტიკურად სტაბილური“ გახდება და მეცნიერება სახელმწიფოს პრიორიტეტად იქცევა, ნინო საქართველოში დაბრუნდება და გენეტიკურ ლაბორატორიას გახსნის.
ქართული სამეცნიერო საზოგადოების წევრობამდე, საზღვარგარეთ გრძელი გზა უნდა გაიაროს უმაღლესი განათლების მისაღებად თავდაპირველად, ხუთი უცხოური უნივერსიტეტი შეარჩია და დადებითი პასუხებიც მიიღო.დაესწრო სემინარებს, შეაფასა სწავლების მეთოდები, ლექტორის და სტუდენტის ურთიერთობა და არჩევანი მინერვას უნივერსიტეტზე შეაჩერა.
„მინერვას მიზანია, ჩამოაყალიბოს შემდგარი ადამიანი, რომელიც რაღაც საკითხს მხოლოდ ერთი პერსპექტივით არ უყურებს. ამის განვითარების ერთ-ერთი კარგი გზაა იცხოვრო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან, სხვადასხვა კულტურაში. სულ არის შვიდი ქალაქი, სადაც ვიცხოვრებ. პირველი და ბოლო სემესტრი ვისწავლი სან ფრანცისკოში, დანარჩენია სეული, ტაიპეი, ჰაიდერაბადი, ბერლინი, ლონდონი და ბუენოს-აირესი“.
მინერვას უნივერსიტეტში წელს ორმა ქართველმა ჩააბარა. მათ გარდა, კურსზე 60 ქვეყნიდან 150-მდე სტუდენტი ისწავლის.
„მინერვას განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ჩაირიცხები, ყველანაირად ცდილობენ რა საჭიროებაც გაქვს, ის დააფინანსონ. ძალიან ბევრი ფინანსური დოკუმენტის გაგზავნა მომიწია, რომ ჩემი მდგომარეობა შეეფასებინათ და ამის მიხედვით დავეფინანსებინე. მინერვას ასეთი იდეოლოგია აქვს, რომ განათლება არის ინვესტიცია და იმისთვის, რომ საკმარისად დააფასო რასაც იღებ, ამისთვის უნდა გადაიხადო. ამიტომ რაღაც ნაწილს გადასახდელს გიტოვებს. ჩემს შემთხვევაში ეს 2 000 დოლარამდეა“.
უნივერსიტეტში გადასახდელი 2 000 დოლარის გარდა, ნინოს ხარჯია თვითმფრინავის ბილეთები, ვიზა, დაზღვევა, ლეპტოპი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. სტუდენტის გათვლით, ამას დაახლოებით, 5 000 დოლარი დასჭირდება. თანხის ნაწილი 30 ივნისამდე უნდა მოაგროვოს, დანარჩენი კი გამგზავრებისას უნდა ჰქონდეს. 26 აგვისტოს უკვე სან-ფრანცისკოში უნდა იყოს.
5 000 დოლარის შესაგროვებლად ოჯახმა ბანკიდან სესხი აიღო, ნინომ კი ინგლისურ ენაში მოსწავლეების მომზადება დაიწყო. რაც უფრო ახლოვდება გადახდის თარიღი, საფიქრალი ემატება. დრო ცოტა რჩება, ამიტომ ნინომ მხარდაჭერა საზოგადოებას „ფეისბუკზე“ სთხოვა.
„მარტიდან ვფიქრობდი, რომ „ფეისბუკზე“ დამეწერა, დიდი გზის გავლა მომიწია, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო, ადამიანური ფაქტორია, რომ დახმარება ითხოვო“.
სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა, ნინომ მიმართა ყველა უწყებას, რომლის კომპეტენციაშიც წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა უნდა შედიოდეს. მომავალი მეცნიერების ხელშეწყობა პირველ რიგში, განათლების სამინისტროს ინტერესი უნდა იყოს. უწყებიდან უარით გამოისტუმრეს. კორონავირუსის გამო, პრიორიტეტები შეცვალა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც.
„განათლების საერთაშორისო ცენტრს დავუკავშირდი და რამდენადაც მივხვდი, ის აფინანსებს კონკრეტულ პროგრამებს. მაგალითად, უნგრეთში აქვთ პროგრამა, გაწერილი აქვთ ყველაფერი წინასწარ. ცალკე ბიუჯეტი ვერ ვნახე. ახალციხის მერიაშიც ვიყავი, სამწუხაროდ, ბიუჯეტის დეფიციტია ისედაც და კორონავირუსის გამო ვერ მოხერხდა თანხის გამოყოფა“.
განათლების საერთაშორისო ცენტრში გვითხრეს, რომ ნინოს დააგვიანდა. სასტიპენდიო პროგრამას კალენდარული წლის დასაწყისში, შემოდგომით აცხადებენ. თუმცა, ნინოს ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის მიზეზი მხოლოდ ეს არ არის.
„თუ სტუდენტი გეგმავს წასვლას სექტემბრისთვის, მაშინ ვერ მოასწრებს. ასევე, თუ უნგრეთში არ მიდის, სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ფინანსდება მხოლოდ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. საბაკალავრო პროგრამები მხოლოდ უნგრეთშია“, - გვითხრა ანა ბაქანიძემ, განათლების საერთაშორისო ცენტრის პრესსამსახურის თანამშრომელმა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს ეხმარებიან. ამისთვის 2021 წელს 20 ათასი ლარია გამოყოფილი. პანდემიის გამო, თვითმმართველობის პრიორიტეტები კიდევ უფრო დავიწროვდა. თუ აქამდე მსგავს შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავდნენ და ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის თანხას სხვადასხვა მუხლიდან გამოყოფდნენ, ახლა მერიის მთავარი საზრუნავი კორონავირუსის გამო დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერაა.
ნინომ თანხის ნაწილი უკვე მოაგროვა, დარჩენილსაც თავი უნდა მოუყაროს, რომ სამ თვეში აშშ-ში გაემგზავროს. იცის, რომ ეს არ არის ერთადერთი დაბრკოლება, რომელთან გამკლავებაც მეცნიერებისკენ მიმავალ გზაზე მოუწევს. ბარიერები მის ინტერესს უჯრედული ბიოლოგიის მიმართ, უფრო ამძაფრებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.