თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინები მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში გადაეცემათ - ირაკლი ღარიბაშვილი
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5 ათასამდე ბინა სამხედროების ოჯახებს დაუკანონდებათ.
გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს, სიახლის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა.
,,ეს ვითარება გარკვეულ პრობლემას უქმნიდა როგორც სამინისტროს, ასევე ამ ფართობებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილებით, 5 ათასამდე ოჯახს ამ ფართების საკუთრებაში გადაცემის უფლება მიეცათ"- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ბინები მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში გადაეცემათ. საწყის ეტაპზე საუბარია 1000 ბინაზე.
,,თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი უწყებრივი ბინები, როგორც დღეს თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. ეს საკითხი კომისიური წესით იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ეს ადრეც გასაკეთებელი იყო და აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული," - განაცხადა გიორგი გახარიამ.