აგვისტოს თვე ორმაგად მტკივნეულია ჩვენთვის - მეუფე ანდრია
გორში, დაღუპულ მეომართა მემორიალთან, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
„აგვისტოს თვე მარტო არ არის დაკავშირებული 2008 წელს განვითარებულ ომთან, არამედ აგვისტოში დაიწყო ომი აფხაზეთში. ასე რომ ორმაგად მტკივნეულია ეს თვე ჩვენთვის, მაგრამ გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთშიც, ცხინვალის რეგიონშიც. ვიზეიმებთ საქართველოს გამთლიანებას იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც მშვიდობიანი ცხოვრება სურს“, - განაცხადა მეუფე ანდრიამ.
2008 წელს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ატენისა და გორის მიტროპოლიტმა გადაიხადა.
გორში დაღუპულ მეომართა მემორიალთან ტრადიციულად მოქალაქეები შეიკრიბნენ, პანაშვიდს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დაესწრო.
„ვიხსენებთ საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმეს მოვლენებს. ჩვენ მუდამ მოვიხრით ქედს, ჩვენი გმირების წინაშე. ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო გმირების წინაშე ვინც თავი შესწირა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას. მსურს განსაკუთრებული პატივი მივაგო მათ ხსოვნას და გულწრფელად გამოვუცხადო სამძიმარი ამ გმირების აღმზრდელ ოჯახებს“,-განაცხადა თეა ახვლედიანმა.