საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები, წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას. საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის. ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ და მჭიდროდ მუშაობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად",- ნათქვამია განცხადებაში.