71 წლის რეკორდსმენი ახალციხიდან, რომელმაც ტელეფონის ნომრები ზეპირად იცის
19:38 / 10.03.2020
71 წლის გივი კაველიძე საქართველოს რეკორდსმენია. ახალციხელმა პენსიონერმა 400-მდე ტელეფონის ნომერი ზეპირად იცის, ამით გივი კაველიძემ საქართველოში ამ სახის პირველი რეკორდი დაამყარა.
გივი კაველიძის მობილურ ტელეფონში არც ერთი კონტაქტი იძებნება. 71 წლის მამაკაცს ნომრების ჩაწერა არ სჭირდება, ზეპირად იცის. ეს უნიკალური თვისება და გამორჩეული მეხსიერება სამი წლის წინ შეამჩნია.
„ერთხელ თუ გავიგე, მერე უკვე მახსოვს. ჩემდაუნებურად მამახსოვრდება. მთავარია ერთხელ მითხრან“.
გივი კაველიძე „ახალციხის ციხის“ თანამშრომელია. კომპლექსის გახსნიდან დღემდე დასუფთავების სამსახურში მუშაობს. მობილურის ნომრების გარდა, გივი კაველიძეს ახსოვს დაბადების დღეები და მანქანის ნომრები. ასეთი მახსოვრობა თავადაც უკვირს. ნომრის დამახსოვრების რაიმე მეთოდი არ აქვს. რეკორდსმენს ტელეფონის ნომრებისთვის ნაცნობები ხშირად აკითხავენ.
„სოფელ მუსხიდან ჩამოვიდა ერთი კაცი, ოქრომელიძეა. ორი კვირა ეძებდნენ ერთი ადამიანის ნომერს, ბოლოს სამსახურში მოვიდა ჩემთან. პირდაპირ დავუსახელე ნომერი და სიხარულისგან გადაირია, რესტორანში დამპატიჟა“.
გივი კაველიძის რეკორდი თბილისში, მესხიერების ჩემპიონატის დასასრულს დამყარდა. მან სამ წუთში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 23 ნომერი დაასახელა. „200-მდე სტუდენტი იყო, მათი შეჯიბრება სხვა მიმართულებით მიმდინარეობდა. როცა ახალგაზრდების ჩემპიონატი დასრულდა, წამზომი ჩამირთეს. დამსწრეები ხან სიის თავიდან მეკითხებოდნენ ნომრებს, ხან შუიდან. ხან სახელს და გვარს მეუბნებოდნენ და მე მის ნომერს ვასახელებდი. სტუდენტები მეკითხებოდნენ, ჩვენ ყველაფერი გვავიწყდება და თქვენ როგორ გაქვთ ამდენი დამახსოვრებულიო“, - იხსენებს გივი კაველიძე.
საქართველოს რეკორდების ფედერაციაში ამბობენ, რომ მსგავსი რეკორდი საქართველოში პირველია. ფედერაციის პრეზიდენტის დავით ბეგიაშვილის თქმით, „მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, მეხსიერებით და გონებრივი შესაძლებლობებით რეკორდი ძალიან იშვიათად მყარდება. განსაკუთრებით საქართველოშია ამის ნაკლებობა. ჩვენთან ძირითადად, სპორტული და ფიზიკური ძალის დემონსტრირება ხდება. ბატონი გივის შედეგი ამითაც არის გამორჩეული. სხვადასხვა მეთოდებით დამახსოვრებაში რეკორდები ხშირია, მაგრამ ადამიანს თავისი ცხოვრების განმავლობაში ნომრები დამახსოვრებული ჰქონდა და იდენტიფიკაცია სახელი-გვარით მოახდინა, ასეთი შემთხვევა არ გვქონია. ამიტომ ეს ეროვნული რეკორდია. როგორც ვიცით, მსოფლიოშიც არ არის ამის ანალოგი“.
რეკორდების ფედერაცია გივი კაველიძეს მესხიერების მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობას სთავაზობს.
„არსებობს შეჯიბრებები, სადაც მეხსიერების გამოცდა ხდება. შეიძლება ბატონმა გივიმ მეხსიერებით სპორტში გააგრძელოს განვითარება და მსოფლიოში ამ მხრივ გამორჩეულ ადამიანებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა“.
სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებლების ეს უკვე მეორე რეკორდია. 2013 წელს 25 წლის არტაშეს ელბაქიანმა ჰორიზონტალურ ძელზე ტრიალში გინესის რეკორდი დაამყარა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.