16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. თარიღი ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება.
რამდენად ტოლერანტულია რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა და როგორ მიიღებენ ისინი განსხვავებული იდენტობის ადამიანს – ეს კითხვა ახალციხეში, მოსახლეობას დავუსვით. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ სამცხე–ჯავახეთი, თავისი რელიგიური და ეთნიკური მაცხოვრებლებით, სწორედ რომ ტოლერანტობის მაგალითია, თუმცა მათ შორის არიან ისეთები, ვისთვისაც განსხვავებული იდენტობის გარემოცვაში ცხოვრება, მათი აღიარება და მიღება პრობლემაა.
ტოლერანტობას რომ საქართველოში საუკუნეების ტრადიცია აქვს, ამაზე უფლებადამცველი ორგანიზაციებიც საუბრობენ. ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელის თქმით, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების პატივისცემა და შემწყნარებლობა ქვეყანაში დიდიხანია არსებობს, თუმცა ცნება ,,ტოლერანტობა“ ყველაზე კარგად ახალციხეში ესმით.
ერთმანეთის ამტანი და გამტანი ერი ვართ – ასე აფასებს ტოლერატნობის კუთხით არსებულ ვითარებას, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი. გიორგი ანდღულაძის თქმით, მიუხედავად ამისა, არის პერიოდი, როცა ამ მხრივ სიტუაცია მწვავდება და თავს გაუგებრობები იჩენს, თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს.16 ნოემბერი, ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. ამ დღის აღნიშვნას საფუძველი კი 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით ჩაეყარა.