საზოგადოება
ავარიისას გარდაცვლილი დაკრძალეს, დაშავებული გოგოს მდგომარეობა გაუმჯობესდა
22 მაისს, ადიგენში მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი დღეს, 27 მაისს დაკრძალეს. ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
20 წლის გოგო, რომელმაც ავარიისას ყველაზე მძიმე დაზიანებები მიიღო, კავკასიის მედიცინის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მკურნალი ექიმების თქმით, დაშავებული კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას ერთი ოპერაცია ყბა-სახის ქირურგმა ჩაუტარა. გახდება თუ არა კიდევ საჭირო ქირურგიული ჩარევა, ეს მოგვიანებით გაირკვევა.
„რეანიმაციულ მეთვალყურეობას საჭიროებს. ვინაიდან პაციენტი საყურადღებოა, დაგეგმილია კვლევების ჩატარება, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც მისი მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ დაიგეგმება“, - გვითხრეს „ევექსის“ პრესსამსახურში.
რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი მათგანი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან უკვე გაწერეს. მეორე კი მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს.
შემთხვევა 22 მაისს, ხულო-ზარზმის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. ერთი პირი გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გააზიარეთ :