ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში მცხოვრები ემზარ გაჩეჩილაძე მესხური ვაზის მოძიებითაა დაინტერესებული. უნიკალური, გადაშენების პირას მყოფ ჯიშებს სამცხე–ჯავახეთის ტერიტორიაზე მიაკვლია და ეზოში გაახარა.
„მესხური სამარიობოს“ გარდა, ემზარ გაჩეჩილაძის ეზოში ასამდე ჯიშის ვაზი ხარობს. მევენახე, ძირითადად მესხური ჯიშების მოძიებასა და გახარებაზეა ორიენტირებული. საქმიანობით 15 წლის წინ დაინტერესდა, შედეგად მის საკარმიდამო ნაკვეთში ვაზის უნიკალურ ჯიშებს შეხვდებით. ხარისთვალა როგორც თეთრი ასევე შავი, საფარულა, ჩიტისკვერცხა თეთრი და შავი, ბუდეშური, ცხენი ძუძუ თეთრი, ასპინძურა, ცხენის ძუა შავი და სხვა – მესხურ ჯიშებს სამცხე–ჯავახეთის ტერიტორიაზე ეძებს, მის ფოთლებსა და ნაყოფს, სხვადასხვა ლიტერატურაში აღწერილ ჯიშებს ადარებს, ადგენს სახელწოდებას და შემდეგ გასახარებლად ეზოში რგავს.
კვირტის გაფურჩქვნიდან– ფოთოლცვენამდე პროცესს კვალდაკვალ მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში წამლობას უტარებს. მესხურის გარდა, დაინტერესებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საუკეთესო ჯიშების შეგროვებით. მის ეზოში ადგილს იკავებს საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ვაზიც.
იმისთვის, რომ ვაზმა უკეთესად გაიხაროს, მწარე საძირეებზე ამყონობს. საყვარელი საქმიანობა ბოლო წლებში ბიზნესად აქცია და სანერგე მეურნეობა ჩამოაყალიბა, სადაც თავისივე მოძიებული მესხური ჯიშები გამოჰყავს. ყოველწლიური შემოსავალი, ვაზის ნერგების რეალიზაციით, 4 000 ლარს უტოლდება.
ბოლო ერთი წელია ვაზის გარდა ვაშლის ახალი ჯიშების გამოყვანითაც დაინტერესდა. მწარე საძირეებზე სხვადასხვა თანამედროვე ჯიში დაამყნო. მომავალ წელს ნერგები გასაყიდად მზად იქნება.
„მესხური საფერე“, „ბეჟანა“ და „ცხენის ძუა თეთრი” – ამ სამ უნიკალურ ჯიშს მესხეთის ტერიტორიაზე ვერსად მიაკვლია. ძებნას რეგიონის მასშტაბით ისევ აგრძელებს და იმედს არ კარგავს, რომ მის ეზოში მესხურ ვაზს სხვა უძველესი ჯიშებიც შეემატება.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე