ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობა სამოქალაქო განვითარების საკითხებში – ეს ის თემებია, რომელზეც 21 სექტემბერს ახალციხე–ადიგენის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატებმა საკუთარი ხედვა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელს აინტერესებდა, თუ რა გეგმა აქვთ კანდიდატებს სამცხე–ჯავახეთში ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.
დებატებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა. საარჩევნო ბლოკი ,,ჩვენები – სახალხო პარტიიდან“ – ზურაბ პაქსაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან – ვაჟა ჩიტაშვილი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან – ბესიკ ხითარიშვილი, საარჩევნო ბლოკი ,,დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან – ნიკოლოზ ინასარიძე, ირაკლი ალასანია –თავისუფალი დემოკრატებიდან– შალვა გოგოლაძე და ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან – გიორგი კოპაძე.
თუ როგორ ფიქრობენ კანდიდატები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გააქტიურებას სამოქალაქო ჩართულობის საკითხებში, რა შეცდომები იქნა დაშვებული და როგორ აპირებენ ამ მიმართულებით მუშაობას გამარჯვების შემთხვევაში – ამ საკითხით არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტოლერანტი“ დაინტერესდა.
დებატების ფორმატით, სამი წუთი შეკითხვისთვის იყო განსაზღვრული, სამ–სამი წუთი კი პასუხისთვის კანდიდატებს ეთმობოდათ. შეხვედრა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობაზე კანდიდატებს განსხვავებული პოზიცია აღმოაჩნდათ.
პროექტს „მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“ არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია გარბი ახორციელებენ. კანდიდატებთან შეხვედრები საქართველოს ათ ქალაქში ჩატარდება. ახალციხეში შეხვედრა ტელეკომპანია მეცხრე არხის თანაორგანიზატორობით გაიმართა.