ახალციხის „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ისევ გიორგი კოპაძე გახდა. ქალაქის მერი პარტიის თავმდომარედ დელეგატებმა უკვე მეორედ აირჩიეს.
,,ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობა, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელსაც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრნენ. დარბაზში ,,ქართული ოცნების“ 500–მდემხარდამჭერი იმყოფებოდა.
ყრილობაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ მედიის წარმომადგენლებს. მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართული ოცნების“ საზოგადოებსასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ჟურნალისტებს დაპირდნენ, რომ სხდომის გადაღების საშუალება ექნებოდათ, ბოლო მომენტში, პარტიის პირველი პირების დაცვის წევრებმა ოპერატორებს დარბაზი დაატოვებინეს და გადაღების საშუალება არ მისცეს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განმარტებით, სამცხე–ჯავახეთში რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევა დასრულდა. მათ პარტიის პირველი პირები დღესვე, ახალქალაქში გამგებელი ედუარ აღასარიანი და ნინოწმინდაში გიორგი ზემოიანი აირჩიეს.