“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ახლქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ართავაზ ამბარცუმიანმა პარტია დატოვა. იგი ბურჭულაძის პარტიის სახელით კენჭს აღარ იყრის.
ართავაზ ამბარცუმიანის თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი, ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი მემარჯვენეების ბლოკთან გაერთიანება გახდა. მისივე თქმით, პარტია მასთან ერთად ჯავახეთში მომუშავე აქტივისტების უმეტესობამაც დატოვა, თუმცა, ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს.
ართავაზ ამბარცუმიანი პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატად ჯერ დასახელებული არ ჰყავდა.
რამდენიმე დღის წინ “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორმაც დატოვა. თემურ ლურსმანაშვილმა პარტიიდან წასვლის მიზეზად, ასევე პარტიის ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის პოლიტიკურ ბლოკთან გაერთიანება დაასახელა.
“მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის“ რეგიონული კოორდინატორი კახა ბერიძე ამბობს, რომ თემურ ლურსმანაშვილი მათი პარტიის წევრი არ ყოფილა. თავად ლურსმანაშვილი კი აღნიშნავს, რომ პარტია ბორჯომში დამკვირვებელთა კოორდინატორად ნიშნავდა და ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო.
თიკო კურტანიძე