81 წლის ბესარიონ ტაბატაძე საცხოვრებელი სახლის დასაბრუნებლად იბრძვის. ხანშიშესული მამაკაცი ამბობს, რომ ღრელში, მისი სახლ–კარი, შვილიშვილმა მოტყუებით სამი წლის წინ გადაიფორმა და პაპა სახლიდან გააგდო.
აღნიშნულ შემთხვევაში თავს დაზარალებულად, მხოლოდ ბესიკ ტაბატაძე არ თვლის. მისი შვილი, ზურაბ ტაბატაძე ამბობს, რომ სახლის ერთი ნაწილი მისი საკუთრებაა, სადაც ათეული წლებია ოჯახთან ერთად ცხოვრობს. თუმცა მისმა ძმიშვილმა, გიორგი ტაბატაძემ, საცხოვრებელი შენობა მთლიანად გადაიფორმა და პაპის მსგავსად, ბიძაც ღია ცის ქვეშ დატოვა.
ოჯახურ დავაზე სამი წელია, ახალციხის რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მსჯელობენ. საკითხი გიორგი ტაბატაძის სასარგებლოდ გადაწყდა. ზურაბ ტაბატაძემ ახალციხის რაიონულ სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართა, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. ტაბატაძეები მათი მდგომარეობის გამო, მოსამართლეს, ნოტარიუსსა და იმ პირს ადანაშაულებენ, ვინც საკადასტრო აზომვითი ნახაზი მოამზადა.
ადვოკატი არ ადასტურებს, რომ გიორგი ტაბატაძემ ბიძის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი გადაიფორმა. ავთო თელიაშვილის თქმით, სასამართლომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ გიორგი ტაბატაძეს, უძრავი ქონება, უკანონო გზებით არ მიუთვისებია.
ადვოკატის მსგავსად, შპს ,,კადასტრი რეესტრი +“–ის დირექტორიც ამბობს, რომ ზურაბ ტაბატაძის საცხოვრებელი ფართი, გიორგი ტაბატაძის სახელზე არ არის დარეგისტრირებული. ამის დასტურად მოჰყავს საკადასტრო გეგმა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. დავით გოგოლაძე აღნიშნავს, რომ გიორგი ტაბატაძის სახელზე, არც საერთო სარგებლობის ეზოა გაფორმებული. თუმცა ზურაბ ტაბატაძის მტკიცებით, მას საჯარო რეესტრში დაუდასტურეს, რომ მისი საცხოვრებელი სახლიც, მის ძმისშვილს ჰქონდა დარეგისტრირებული.
ნოტარიუსი ციცო ნათენაძე ბრალდებებს არ პასუხობს, თუმცა პირად საუბარში აღნიშნავს, რომ პაპის სახელზე რეგისტრირებული ქონება, შვილიშვილზე საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე გადააფორმა.
ზურაბ ტაბატაძე გეგმავს, საკითხის განსახილველად მაღალ ინსტანციებს მიმართოს. ოჯახი მოსამართლეების, ნოტარიუსისა და ნახაზის შემდგენელი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც აპირებს.
|