ახალციხეში, რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებლები ზარალის კომპენსაციას ელოდებიან. 23 მაისის სტიქიის შედეგები სპეციალურმა კომისიამ უკვე შეისწავლა.
ახალციხეში, რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებლები ზარალის კომპენსაციას ელოდებიან. მათი განცხადების საფუძველზე, ქალაქის მერიიდან ზარალის შემსწავლელი კომისია ადგილზე მივიდა და სტიქიის შედეგები დაათვალიერა.
“მოვიდნენ, დაზიანებული კედლები აზომეს და წავიდნენ. გვითხრეს, კომისია შეისწავლისო და კომპენსაციის საკითხი შესაბამისად გადაწყდებაო. იმედია კომპენსაციას მოგვცემენ” – აცხადებს “მეცხრე არხთან” კორპუსის ერთ–ერთი მობინადრე როინ ტაბატაძე. მისივე თქმით, სტიქიამ მერვე და მეშვიდე სართულების მობინადრეები მნიშვნელოვნად აზარალა. წვიმის წყალი ჩავიდა მეექვსე სართულის ნაწილშიც.
რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებმა ახალციხის მერიას განცხადებით 10 ივნისს მიმართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ სტიქიის შემდეგ დაზარალებულ მოსახლეობასთან არავინ მისულა და მიყენებული ზარალითაც არავინ დაინტერესებულა. კორპუსის მობინადრეები განცხადებაში ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღების მიქცევას მოითხოვდნენ.
ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ ზარალის შემსწავლელმა კომისიამ სტიქიისგან მიყენებული შედეგები აღწერა და ამ დროისათვის, ექსპერტიზის პასუხების მოლოდინში არიან. შესაბამისი ზომების მიღება კი მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში რვასართულიან საცხოვრებელ ბინას ძლიერმა ქარმა სახურავი 23 მაისს გადახადა. ქალაქის მერიამ კორპუსის გადახურვითი სამუშაოების დაწყება, უმოკლეს დროში უზრუნველყო. შპს ,,მშენებელი 2004“–მა სახურავის გადახურვა 28 მაისს დაიწყო. სამუშაოების ღირებულება 70 000 ლარამდეა. ხელშეკრულების მიხედვით, რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა 2016 წლის 27ივნისამდე უნდა დასრულებულიყო. მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები ვადების დაცვით შესრულდა.
თიკო კურტანიძე
|