სოფელ აბასთუმანში მცხოვრები თამარ ბოჩიკაშვილი სოციალურ მუშაკს მუქარაში ადანაშაულებს. რვა შვილის დედა ირწმუნება, რომ მარიამ ყურმაშვილი მას ბავშვების წართმევით დაემუქრა.
მრავალშვილიანი დედა ამბობს, რომ სოციალური აგენტი შვილების ჩამორთმევით ემუქრება. თამარ და მამუკა ბოჩიკაშვილები სოფელ აბასთუმანში ცხოვრობენ და რვა შვილს ზრდიან. მშობლები ,,მე–9 არხთან“ ყვებიან, რომ სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მათ სისტემატურად ამოწმებს, არასრულწლოვანთა საცხოვრებელი პირობებით კი უკმაყოფილოა.
ბოჩიკაშვილების ათსულიან ოჯახში აბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატი მივიდა. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, ნანა ბარბლიშვილი ტელეფონით სოცაგენტს დაუკავშირდა და მასთან შეხვედრაზე შეთანხმდა.
მეზობლები ირწმუნებიან, რომ ცოლ–ქმარი შვილებს კარგად უვლის და ოჯახიდან ბავშვების წაყვანის საჭიროება არ არსებობს. ისინი ამბობენ, რომ სოციალურ აგენტს, ბოჩიკაშვილების რვა არასრულწლოვანს არ გაატანენ.
ოჯახი ამბობს, რომ თავს სოციალური დახმარებით ირჩენს. გარდა ამისა, მამუკა ბოჩიკაშვილმა სკოლის დარაჯად დაიწყო მუშაობა და მისი ხელფასი 120 ლარს შეადგენს. თავისუფალ დროს, მეუღლეს ხილის გაყიდვაში ეხმარება. ბოჩიკაშვილები სრული სოციალური პაკეტით სარგებლობენ. მერვე, ოთხი თვის ჩვილს, სახელმწიფო ყოველთვიურად ხელოვნური კვების ვაუჩერს და 200 ლარს უხდის. ოჯახის ათივე წევრი კი სოციალურად დაუცველის 680–ლარიან დახმარებას იღებს.
სოციალური მუშაკი კატეგორიულად უარყოფს, რომ ბოჩიკაშვილებს შვილების ჩამორთმევით დაემუქრა. მარიამ ყურმაშვილი განმარტავს, რომ ოჯახში მცირეწლოვნებისთვის შეუსაბამო პირობების გამო, მრავალშვილიან დედას, ბავშვებისთვის დროებით თავშესაფარი შესთავაზა, რაზეც უირი მიიღო. მონიტორინგის პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ არასრულწლოვნების უფლებები ირღვეოდა.
ბოჩიკაშვილები არ უარყოფენ, რომ არასრულწლოვანი შვილების სახლში მარტო დატოვება ხშირად უწევთ. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ცოლ–ქმარი ვაჭრობს და ბავშვები, ძირითადად, მშობლების მეთვალყურეობის გარეშე, სახლში არიან.
ბოჩიკაშვილები, ,,მე–9 არხის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად, სოციალურ აგენტსაც ელოდნენ. ინციდენტის თავიდან ასაცილებლად, ოჯახმა საპატრულო პოლიციას გამოუძახა. სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ამ დღეს მათ ოჯახში არ გამოჩენილან.
|