ქალაქ ახალციხის მერია წმინდანისა და ეროვნული გმირის, შალვა ახალციხელის ხსენების დღისთვის ემზადება. ახალციხელობა 30 ივნისს, ახალციხის ციხეზე, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მთელი დღის განმავლობაში, მოეწყობა გამოფენები, გაიმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები და კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
ამ დღესვე გამოვლინდება სამი საპატიო ახალციხელი. საღამოს კი, გალა–კონცერტზე, მესხი მაყურებლის წინაშე ანსამბლი შვიდკაცა, ბორის და სოფო ბედიები, თემურ ყვითელაშვილი და ქორეოგრაფიული ანსამბლი სუხიშვილები წარსდგებიან.
ახალციხელობის დღესასწაულზე, ქართული ესტრადის წარმომადგენლების ვიზიტს, კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ წელს ღონისძიებაზე შედარებით ნაკლები თანხა დაიხარჯება. თვითმმართველობას მიმდინარე ხარჯებიდან თანხის გაღება, მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე მოუწევს. თუმცა მისი რაოდენობა დაზუსტებული ჯერ არ არის.
2015 წელს, ახალციხელობის დღესასწაულისთვის, 24 000 ლარი დაიხარჯა, 2014 წელს კი16 500 ლარი.
|