ახალციხის ციხეზე ვაინახური კულტურის ფესტივალი ჩატარდა. ქისტური ტრადიციები ცეკვა–სიმღერით მაყურებელს ანსამბლმა “პანკისმა” წარუდგინა. მათ ადგილობრივებს ჩეჩნური და ქართული სიმღერები შესთავაზეს.
ორგანიზატორების განმარტებით, ფესტივალის მიზანი ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია, პანკისის ხეობისა და იქ მცხოვრები ეთნიკური ქისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობაა. ვაინახები ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ერთობაა, რომლის შემადგენლობაშიც ეთნიკური ქისტები, ინგუშები, ბაცბები და ჩეჩნები შედიან. ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში კულტურის წარმოჩენას საფრთხე შეექმნა. მუსლიმი თემის გარკვეული ნაწილისთვის, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე მიუღებელი გახდა ცეკვა–სიმღერა, რის გამოც ბევრმა ახალგაზრდამ საქმიანობის გაგრძელებაზე უარი თქვა. ისინი კი, ვინც ამ დრომდე სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობენ, მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ.
ვაინახური კულტურის ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება. ღონისძიებებს პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“ საქართველოს ოთხ ქალაქში მართავს. ფესტივალი დუშეთიდან დაიწყო და ახალციხის შემდეგ ქუთაისსა და ბათუმში გაგრძელდება. ვაინახური კულტურის ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და რეგიონული მედიის ხელშეწყობით ტარდება.
|