რუსეთში Instagram-ს აპლიკაცია Rossgram-ი ჩაანაცვლებს
რუსი დეველოპერები შიდა ბაზარზე სოციალურ ქსელ Instagram-ის ჩანაცვლებას სურათების გაზიარების აპლიკაცია Rossgram-ით აპირებენ. როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ Instagram ამ კვირაში დაბლოკა, რამაც მომხმარებლებისთვის ვირტუალური ვაკუუმი გააჩინა, ამიტომ რუსები მის ამოვსებას ცდილობენ.
Reuters-ის ცნობით, ახალი სერვისი 28 მარტიდან ამოქმედდება და დამატებითი ფუნქციებიც ექნება, როგორიც არის crowdfunding და ფასიანი წვდომა ზოგიერთ კონტენტზე.
ორშაბათს კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელმა, „როსკომნადზორმა“ Instagram-ზე წვდომა მას შემდეგ დაბლოკა, რაც ამერიკულმა მფლობელმა კომპანია Meta Platforms-მა გასულ კვირას უკრაინაში სოციალური მედიის მომხმარებლებს საშუალებას მისცა, გამოექვეყნებინათ მესიჯი, „სიკვდილი რუს დამპყრობლებს."
Meta, რომელიც, ასევე, Facebook-ის მფლობელია, აცხადებს, რომ არასწორი იქნებოდა, მხარი არ დაეჭირა უკრაინელების „წინააღმდეგობის გამოხატვასა და გაბრაზებას დამპყრობელი სამხედრო ძალების მიმართ,“ რის გამოც სიძულვილის ენის პოლიტიკა დროებით შეცვალა.
თუმცა კვირას Meta-მ გაავრცელა განცხადება, რომ სახელმწიფოს მეთაურის სიკვდილის შესახებ მოწოდებების აკრძალვის მიზნით, უკრაინის კონტენტის მოდერაციის პოლიტიკას შეზღუდავს.
რუსეთმა Facebook-იც აკრძალა და Meta-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. პროკურორები სასამართლოსგან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის „ექსტრემისტულ ორგანიზაციად" გამოცხადებას მოითხოვენ.
Instagram-ის რუსული ანალოგის ერთ-ერთი ინიციატორი, ალექსანდრე ზობოვი რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ში აპლიკაცია Rossgram-ის ფოტოს აზიარებს, რომლის ფერთა სქემა და განლაგება Instagram-ს მეტად წააგავს.
Meta რუსული Rossgram-ის მოპარულ დიზაინზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს.
რუსეთი ბოლო თვეებში თავისი შიდა ტექნოლოგიების განვითარებას ცდილობს. სახელმწიფო კონგლომერატი, Rostec სმარტფონ AYYA T1-ის, „გაზპრომ მედია“ კი ვიდეო გაზიარების პლატფორმა TikTok-ის ანალოგის, Yappy-ის ჩაშვებას ცდილობენ.