ორფოლოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017” იწყება
ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონსა და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრში, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017” ჩატარდება.
სწავლება ოფიციალურად ორფოლოს პოლიგონზე 3 სექტემბერს გაიხსნება.
მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017” საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლება საველე და საშტაბო ფაზებს მოიცავს და მისი სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.
სწავლების მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა.
სწავლების საველე და საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.