მედია
სრული სიმკაცრით დასაჯეთ „ოცნების“ მაღალჩინოსნები - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ქარტიის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებს.
ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძეს 14 იანვარს, გვიან ღამით ბათუმში ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები.
ქორიძეს, - რომელიც ბათუმში იმყოფებოდა გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო, - თვალის მახლობლად აქვს დაზიანება. მოგვიანებით იგივე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ექსპრემიერ გიორგი გახარიას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 15 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "შერატონში" ქორიძეზე თავდასხმა „არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი“.
„ის წლების განმავლობაში აწარმოებდა კამპანიას დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად და ახალისებდა სისასტიკესა და ძალადობას“, - აღნიშნავს ქარტია.
ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ:
„26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის გასანადგურებლად რეპრესიების მომდევნო ეტაპზე გადავიდა;
მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მხოლოდ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში პროფესიულ საქმიანობაში 100-მდე ჟურნალისტს შეეშალა ხელი;
ბევრმა მათგანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, მათ შორის მძიმე.
დღემდე არ არის გამოვლენილი და დასჯილი არცერთი დამნაშავე“.
„ბოლო კვირაში ამ ყოველივეს დაემატა გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება შეთითხნილი ბრალდებით და მის მიმართ მკაცრი სასჯელის - მრავალწლიანი საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების - მოთხოვნა“, - აცხადებს ქარტია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ასევე მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების დევნა და შევიწროება, ხოლო შსს-ს სთხოვს, „დაუყოვნებლივ გამოიძიოს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ისინი“.
Տարածեք :