სოციალური მუშაკები გაიფიცნენ
სოციალურმა მუშაკებმა დღეიდან გაფიცვა გამოაცხადეს.
თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან, - აცხადებს გაფიცვის საინიციატივო ჯგუფის წევრი ქეთი ხუციშვილი,
სოცმუშაკებს 22 მოთხოვნა აქვთ, თუმცა აქედან 5 მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვენ.
"22-ვეს შესრულებას დღესვე არ ველოდებით, მაგრამ 5 ძირითად მოთხოვნაზე შევჯერდით, რომელთა შესრულებასაც დაუყოვნებლივ ვითხოვთ. ესენია - თითო სოციალურ მუშაკზე დაანგარიშდეს მაქსიმალურ საქმეთა რაოდენობა 50 და დაუყოვნებლივ დაემატოს შესაბამისი რაოდენობის კადრები; საპროცესო წარმომადგენლობა, რომელიც აბსოლუტურ პარალიზებას უკეთებს სოცმუშაკების სამუშაოს, ჩამოგვცილდეს. შეიქმნას ცალკე მობილური ჯგუფი, რომ სოცმუშაკს ჩამოსცილდეს არასრულწლოვნის პოლიციაში და სასამართლოში წარმომადგენლობა; ასევე ვითხოვთ ტრანსპორტს და ფსიქოლოგს ყველა ცენტრისთვის, რომ ყველა ბავშვმა შეძლოს ამით სარგებლობა. ასევე ვითხოვთ ხელფასის 30%-იან მატებას, რომ სოციალური მომსახურების სოცმუშაკების ხელფასები გაუთანაბრდეს სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული სოცმუშაკების ხელფასს. უნდა დაითვალონ რამდენი სოციალური მუშაკის დამატება იქნება საჭირო, ჩვენი მითითებაა, რომ არც ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი. ახლა ამ საქმეების რაოდენობა 200-ს სცდება და ზოგ სოცმუშაკს 300 საქმეც აქვს თვის მანძილზე და ბენეფიციარები ვერ იღებენ შესაბამის მომსახურებას. ვაცნობიერებთ, რომ საქმეს ვერ ვაკეთებთ, მაგრამ ამას ჩვენი დამსაქმებელი ვერ ან არ აცნობიერებს“, - აღნიშნა ხუციშვილმა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა 25 მარტს დაიწყო. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან მათი აქცია იმართება.