საქართველოდან ქართული თაფლის ექსპორტი მცირდება
საქართველოდან ქართული თაფლის ექსპორტი მცირდება. მეტიც, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყნიდან თაფლი საერთოდ არ გასულა. შემცირების ტენდენციას მეფუტკრეთა ასოციაცია ცუდი კლიმატური პირობებით და დაბალი მოსავლიანობით ხსნის.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში 211.2 ათასი დოლარის ღირებულების 23.4 ტონა ქართული ნატურალური თაფლი გავიდა, რაც თითქმის 70%-ით ნაკლების წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან 10 თვეში თაფლის ექსპორტმა 679.7 ათასი დოლარი შეადგინა (95.3 ტონა). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ქართული თაფლის ექსპორტი არ განხორციელებულა, 2023 წლის აღნიშნულ თვეს კი მხოლოდ 2.74 ათასი დოლარის.
როგორც მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალეკო პაპავა „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ამის მიზეზი ცუდი კლიმატური პირობების გამო აკაციის თაფლის დაბალი მოსავალი იყო.
„ევროკავშირის მოთხოვნის თანახმად, იმ რაოდენობის და სახეობის თაფლი არ გვქონდა. საუბარია აკაციის თაფლზე, რომლის მოსავალიც კლიმატური პირობების გამო ჩავარდა. ამას გარდა, არის მეორე მიზეზიც - ფასთა სხვაობა. ევროპაში უფრო იაფი ღირს თაფლი, ვიდრე საქართველოში, ამიტომ ევროპა იაფფასიანმა ჩინურმა, აზიურმა თაფლმა წალეკა. შესაბამისად, ქართული თაფლი ფასის მიხედვით კონკურენციას ვერ გაუწევს“, - აღნიშნა მან.
თუ გასულ წელს საქართველოდან ყველაზე დიდი მოცულობით თაფლი საფრანგეთსა და ჩეხეთში გავიდა, წელს საექსპორტო ბაზრები ფაქტობრივად, სრულად შეიცვალა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 10 თვეში ქართული თაფლი ძირითადად აზიის ქვეყნებსა და აშშ-ში გავიდა.
კერძოდ, წელს 10 თვის განმავლობაში ქართული თაფლის ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყანა იყო:
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 99.9 ათასი დოლარის 7 ტონა
აშშ - 34.3 ათასი დოლარის 3.24 ტონა
აზერბაიჯანი - 25.8 ათასი დოლარის 7.7 ტონა
ერაყი - 21.8 ათასი დოლარის 2.99 ტონა
სომხეთი - 11.4 ათასი დოლარის 1.29 ტონა
ამასთან შედარებით მცირე რაოდენობით თაფლი გავიდა შემდეგ ქვეყნებში - იაპონია, ყატარი, კანადა, ბაჰრეინი, ავსტრალია და ა.შ.