მოქალაქეები ფაიზერით აცრას 30 მარტიდან შეძლებენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინით მოქალაქეები აცრას სამშაბათიდან, 30 მარტიდან შეძლებენ. გაბუნიას განმარტებითვე, „ფაიზერით“ ვაქცინაცია ექვს კლინიკაში განხორციელდება.
„უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება სამშაბათი დღიდან, რადგან კლინიკებში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, მოქალაქეები არიან დარეგისტრირებული და „ფაიზერის“ ვაქცინაციაზე სრულად გადმოწყობა სამშაბათი დღიდან მოხერხდება 6 კლინიკაში. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება სხვა დანარჩენ დაწესებულებებში, ამჟამად 20 სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ცენტრები ისევ გაიხსნება“, - განაცხადა გაბუნიამ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად ქვეყნის მასშტაბით, 406 ადამიანია დარეგისტრირებული, მათ შორის 65 წელზე მეტი ასაკის 371 მოქალაქე.
25 მარტის მონაცემებით ქვეყანაში კოვიდვაქცინით 4 152 ადამიანია აცრილი.