ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორძეში ა ჰეპატიტის, იგივე
„ბოტკინის“ შემთხვევები დაფიქსირდა. ადგილობრივი საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრში ამ დროისათვის დაავადების 8 შემთხვევაა
დაფიქსირებული. ცენტრის ინფექციონისტის მაყვალა მეტრეველის
ინფორმაციით, პირველი შემთხვევა სოფელში მიმდინარე წლის აგვისტოს
თვეში დაფიქსირდა, თუმცა დაავადებულ პიროვნებას აღნიშნულის შესახებ არ
გაუხმაურებია და ოჯახის პირობებში თავადვე იმკურნალა. ოქტომბრის თვეში
კი ა ჰეპატიტმა თავი იმ უბანში იჩინა, სადაც პირველი დაავადებული
ცხოვრობს. ჯანდაცვის ცენტრის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული
გამოკვლევებით, სოფელში თავდაპირველად ა ჰეპატიტის 6, მოგვიანებით კი
კიდევ ორი შემთვევა დაფიქსირდა. აქედან 2 მათგანი 18–19 წლის
ახალგაზრდები არიან დანარჩენები კი 6–12 წლამდე მოზარდები. ადიგენის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ინფექციის წყაროს დასადგენად
მოკვლევა აწარმოა. სოფელში არსებულ სასმელ წყალში დავადების
გამომწვევი ბაქტერიები არ აღმოჩნდა. დადგინდა, რომ ყველა
შემთხვევა კონტაქტის გზით არის გადაცემული. აღნიშნულის თაობაზე
ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრმა ინფორმაცია თბილისის დაავადებათა
კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიაწოდა. რომელმაც ადგილზე ჯგუფი
გაგზავნა. მედიკოსება სისხლის ანალიზები სოფელში მაცხოვრებელ 41
პიროვნებას აუღეს. აქედან 11 დადებითია, ხოლო 2 – საეჭვო.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ა ჰეპატიტით
დაავადებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობას
სახლის პირობებში გადიან. ცენტრის ინფექციონისტი „მეცხრე არხთან“
აცხადებს, რომ მათი მხრიდან სოფელში ყველა საჭირო პროცედურა ჩატარდა.
მედიკოსებმა თავდაცვის პროფილაქტიკის შესახებ მოსახლეობას
ინფორმაცია მიაწოდეს და განუმარტეს, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი, რომ
დაავადება მათზეც არ გავრცელდეს. მაყვალა მეტრეველის თქმით, სოფელ
ღორძეს მოსახლეობა, ამჟამად, მათი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ა
ჰეპატიტის ვირუსი, ისევე როგორც სხვა ენტეროვირუსები, საკვებთან ერთად
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხვდება, სადაც რეპლიცირდება წვრილი ნაწლავის
ლორწოვანი გარსის და რეგიონული ლიმფური კვანძების ეპითელურ უჯრედებში.
ამის შემდეგ გამომწვევი აგენტი იჭრება სისხლში. სხვა
ენტეროვირუსებისაგან განსხვავებით, A ჰეპატიტის ვირუსის დამაზიანებელი
მოქმედების ძირითადი სამიზნე ღვიძლის უჯრედებია, რომელთა ციტოპლაზმაში
ხდება რეპროდუქცია. ჰეპატოციტების(ღვიძლის უჯრედები)დაზიანებას თან
ახლავს სიყვითლის განვითარება. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ადამიანი,
ასევე, ინფექციის უსიმპტომო ფორმებით შეპყრობილი პირები. უფრო ხშირად
ავადდებიან ბავშვები.