რელიგია
რისი სიმბოლოა ანთებული სანთელი და რატომ იდგმება სარკმელში შობის ღამეს?
მართმადიდებლური სამყარო 7 იანვარს, მაცხოვრის შობის დღესასწაულს ზეიმობს.
ღამისთევით წირვას წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის ლოცვა -კურთხევით შობის დღესასწაულს მორწმუნეები სარკმელში ანთებული სანთლით ხვდებიან, რითაც სიმბოლურად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.
,,მაცხოვრის შობის მოახლოების ჟამს, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოლოგინების დრო მოახლოვდა, მართალ იოსებსა და მარიამს რომის იმპერიაში გამოცხადებული საყოველთაო აღწერის გამო, ბეთლემში წასვლა მოუხდათ. ისინი ამაოდ ეძებდნენ ღამის გასათევ ადგილს. სასტუმროში ღამის გასათევად თანხა არ ჰქონდათ, ღარიბ-ღატაკნი კი არც ერთმა სახლმა არ მიიღო... შობის ღამით სარკმელში სანთლის დანთებით სიმბოლურად მივანიშნებთ, რომ ჩვენი გული და სახლი მზად არის მიიღოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვითხოვთ, შინ გვეწვიოს და ჩვენს სახლში იშვას უფალი" - ტაძრის წინამძღვარი განმარტავს დეკანოზი გიორგი ქურდაძე.
ეს დღე ახალციხეში ტრადიციულად ალილოთი აღინიშნებოდა, თუმცა პანდემიის გამო ალილო წელს აღარ ჩატარდება.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად 7 იანვარს, შობას ზეიმობენ სერბეთში, რუსეთსა და უკრაინაში. მთავარი საშობაო ლიტურგია ტრადიციულად ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარში გაიმართება.
შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო.
დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება.
18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.
გააზიარეთ :