სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავენ.
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ უკვე აღავლინა. ამ
დღესთან დაკავშირებით, სოფელ უდის ცენტრში ადგილობრივი
სიმღერისა და ცეკვის ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი, სპორტული
აქტივობები და ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
მიმდინარეობს. ასევე, გამოფენილია მესხური ტრადიციული კერძებიც.
სოფელ უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე, რუმენითის საელჩოს
ინიციატივით უკვე მეათე წელია აღინიშნება. სწორედ რუმინეთში მოძიებული
ცნობებთ დადგინდა, რომ ანთიმოზ ივერიელი სოფელ უდის მკვიდრი იყო.
საქართველოდან გატაცებული და კონსტანტინეპოლს მონად გაყიდული
ანთიმოზი ვლახეთში მოხვდა, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. იქ
ანთიმოზ ივერიელმა მრავალმხრივი მოღვაწეობა დაიწყო, მისი როგორც
მესტამბის ნაბიჯები ბუქარესტის სტამბასთანაა დაკავშირებული, სადაც მან
1691 წელს პირველი წიგნი დაბეჭდა. სასტამბო საქმიანობასთან ერთად,
ანთიმოზ ივერიელს, რუმინული სალიტერატურო ენის განვითარების საკითხშიც
დიდი წვლილი მიუძღვის. ამავე საქმეს ემსახურებოდა მისი მოთხოვნა
მღვდელმსახურება რუმინულ ენაზე აღსრულებულიყო. ანთიმოზ ივერიელის
ღვაწლი დიდია ქართული სტამბის დაარსებაშიც. ანთიმოზი როგორც
პოლიტიკური მოღვაწე, რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, ხალხს
ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა, რადიკალურმა კურსმა
მთავართან დააპირისპირა, რასაც წმინდანისთვის სასულიერო ღირსების აყრა
მოჰყვა. სინას მთისკენ მიმავალი თურქმა ჯარისკაცებმა გზაში მოკლეს და
მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს. 1992 წელს რუმინეთის
ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ
27 სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე დააწესა. ქართული ეკლესია
კი მის ხსენებას 26 ივნისს აღნიშნავს.