სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება
გამოიტანა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი
2“–ის ეთერში, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ისაუბრა. ოთარ კახიძის
თქმით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური
პატიმარი. „მე მინდა ვანო მერაბიშვილის ყველა გულშემატკივარს
მივულოცო ეს გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ევროპის
ადამიანის უფლებათა სასამართლოს ისტორიაში. სულ არის ექვსი საქმე,
როდესაც დადგინდა კონვენციის მე–18 მუხლის დარღვევა. ეს არის მეშვიდე
საქმე. ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ამგვარი დადგენა
დგინდება ასიათასობით საქმიდან. ვანო მერაბიშვილი არის მესამე
პოლიტიკოსი იულია ტიმოშენკოსა და ბატონი ლუცენკოს შემდგომ, რომელზეც
მე–18 მუხლის დარღვევა დადგინდა. ევროპის სასამართლომ ერთხმად,
დადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა.
ვანო მერაბიშვილის აპელაცია, ასევე, დაუსაბუთებელი განჩინებით
გამოვიდა, ასევე, ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად გაუგრძელდა
წინასწარი პატიმრობა და რაც მთავარია, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა,
მისი სისხლის სამართლებრივი დევნა, მისი პატიმრობის გაგრძელება არ
ემსახურებოდა კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებს. სასამართლომ
გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი, რაც მიუთითა პირდაპირ
გადაწყვეტილებაში. გათვალისწინა ის ფაქტი, რომ ვანო მერაბიშვილის
გაყვანა ციხიდან, მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, არ იქნა
გამოძიებული, და ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე , დაადგინა,
რომ ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევას თავისუფლების უფლების. პრაქტიკულად,
პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლოს
გადაწყვეტილებიდან იკითხება, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური
პატიმარი“ – განაცხადა ოთარ კახიძემ. ადვოკატის განმარტებით,
სტრასბურგის სასამრთლოს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებას
ავალდებულებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი
პატიმრობიდან. “ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ყოველი საათი არის
დამაზიანებელი საქართველოს სახელმწიფოს იმიჯისთვის. შესაბამისად,
დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება” –
აცხადებს კახიძე. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს
გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით,
სასამართლოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა:
http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-163671#{“itemid”:[“001-163671”]}