"ალტ-ინფოს" მეთოდები საფრთხის შემცველია - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 2022 წლის იანვარ-თებერვალში განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგები შეაჯამა, რომლის მიზანიც ულტრამემარჯვენე ჯგუფების დეზინფორმაციული რიტორიკისა და ძირითადი დისკურსის ანალიზია. საანგარიშო პერიოდში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სოციალურ და ონლაინ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული შინაარსის მქონე 450 შემთხვევა გააანალიზა. ანგარიშში ასევე განხილულია ულტრამემარჯვენე ლიდერების პოლიტიკური შეფასებები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, ღიად პრორუსული განწყობის მქონე პოლიტიკური სუბიექტები, კოორდინირებული ქსელის საშუალებით, საინფორმაციო ომს აწარმოებენ, რომელშიც სხვადასხვა ფეისბუქჯგუფი და გვერდია ჩართული.
"საინფორმაციო ომში, ძირითად კრემლისტურ ულტრამემარჯვენე პლატფორმას წარმოადგენს „ალტ-ინფო“, რომელიც, თავის მხრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტია „კონსერვატიულ მოძრაობასთან“. ომის ფონზე, „ალტ-ინფო“ საგანგებო ეთერში ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს, რაც შემდგომ ფეისბუქაუდიტორიაში „კონსერვატიულ მოძრაობასთან“ დაკავშირებული შიდა ჯგუფებისა და გვერდების მეშვეობით ვრცელდება. კოორდინირებული მოქმედებით „ალტ-ინფო“ უზრუნველყოფს საკუთარ მიმდევრებს შორის დეზინფორმაციის სწრაფ და სტაბილურ გავრცელებას. გარდა ამისა, „ალტ-ინფოს“ გუნდი აქტიურად იყენებს როგორც სატელევიზიო და Youtube არხებს, ასევე, ტელეგრამ სივრცესაც. ჰაკერთა ჯგუფმა მათი ოფიციალური ვებგვერდი 26 თებერვალს გათიშა.
საანგარიშო პერიოდში უკრაინის მადისკრედიტებელი მედიაკამპანია გააქტიურდა ულტრამემარჯვენე ფეისბუქგვერდ „კარდჰუზეც.“ იდენტური პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა ონლაინმედია „საქინფორმი“ და „News Front”. მათ პლატფორმებზე ქვეყნდება სტატიები, სადაც ავტორები ღიად ეწევიან ნატოს სამხედრო ალიანსისა და აშშ-ს დემონიზაციას, ხოლო უკრაინასთან დაკავშირებით იმეორებენ კრემლისტურ ნარატივს, რომ რუსეთი მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად იბრძვის,"- ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში.
ინსტიტუტი ასევე ყურადღებას ამახვილებს, საანგარიშო პერიოდში, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ აუდიტორიის გაფართოებაზეც. საქართველოს მასშტაბით მათ ათობით რეგიონული ოფისი გახსნეს (სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, გურიაში, სვანეთსა და კახეთში).
"პარტიის ლიდერებმა მარტის ბოლომდე 84 ოფისის გახსნა დააანონსეს. იმ ფონზე, რომ პარტიის ოფიციალური შემოსავალი დაარსების დღიდან მხოლოდ 36 675 ლარს შეადგენს, ყოველკვირეულად იზრდება ოფისების რაოდენობა. შესაბამისად, ჩნდება კითხვები პარტიის ფინანსური რესურსების შესახებ. ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემ ზურა მახარაძემ განაცხადა, რომ მათი ძირითადი დამფინანსებელია კონსტანტინე მორგოშია და უარყო პარტიისა და „ალტ-ინფოს“ დაფინანსებაში შავი ფულის არსებობა. თავის მხრივ, ოფიციალური წყაროების მიხედვით, „ალტ-ინფოს“ დაფინანსება 2021 წელს 269 447 ლარი იყო.
რუსეთის მხარდამჭერი გზავნილები შეიმჩნევა ულტრამემარჯვენე ლიდერთა რიტორიკაშიც. ალექსანდრე ფალავანდიშვილმა პროდასავლური ძალები დაადანაშაულა ომის პროვოცირებაში და კეთილგონივრულ პოლიტიკურ ნაბიჯად შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მხარი არ დაეჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის. რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურა ულტრამემარჯვენე ლიდერი ლევან ვასაძეც. მან რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საფრთხედ შეაფასა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მცდელობა და საქართველო ხელისუფლებას ფრთხილი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოეხმაურა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილიც, რომელმაც ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა ქვეყნის ღალატად შეაფასა და საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ღია მხარდაჭერის ნაცვლად, გაჩუმებისკენ მოუწოდა", - ნათქვამია კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, „ალტ-ინფოს“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ პროპაგანდისტული მედიაკამპანიის წარმოებისთვის საჭირო ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ყალბი კონტენტი და მანიპულაციური ფოტო და ვიდეომასალა, საფრთხის შემცველია. კვლევის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ მათი საქმიანობისა და ფინანსური რესურსების შესწავლა სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს.