ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ორი წელი გავიდა. 2014 წელს ახალციხეში ამომრჩეველთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ქალაქის მმართველობა ,,ქართული ოცნების“ გუნდისთვის ჩაებარებინა.
თვითმმართველობის საქმიანობის ორ წელს ახალციხელები აფასებენ. ადგილობრივების ნაწილი მიჩნევს, რომ ამ პერიოდში ქალაქში ბევრი რამ, უკეთესობისკენ შეიცვალა, ნაწილი კი თვითმმართველობის გააქტიურებას, მხოლოდ წინასაარჩევნოდ ელის.
საკრებულომ ეფექტურად მხოლოდ აიპების შექმნისას იმუშავა – ამბობს მალხაზ გიქოშვილი. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ახალციხის თვითმმართველობაში პროფესიონალი კადრების სიმცირეზე აკეთებს აქცენტს და ამის მიზეზად, საჯარო სამსახურის თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დაყოფას ასახელებს.
თვითმმართველობის მიმართ ნაკლები კრიტიკა აქვს ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრს. შალვა გოგოლაძე ორი წლის განმავლობაში, ადგილობრივი ხელისუფლოების მიერ გაწეულ საქმიანობას დადებითად აფასებს და პირველ პირებს, მხოლოდ საკადრო პოლიტიკის გადახედვას ურჩევს.
ქალაქის მოსახლეობა წინსვლას მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როცა თვითმმართველობაში წამყვან პოზიციებს, პროფესიონალი კადრები დაიკავებენ – ამბობენ ,,გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაში.“ ჯიმშერ გოგოლაური ამბობს, რომ , ორი წლის მანძილზე, მთავრობის არაეფექტური მუშაობის მიზეზი, თვითმმართველობაში არსებული ნეპოტიზმია. მთავარ პრობლემად კი, სხვა ოპოზიციური პარტიის წევრების მსგავსად, არაპროფესიონალი კადრები მიაჩნია.
ხელისუფლება მის მიერ განხორციელებული პროექტებით კმაყოფილია. წარმომადგენლობით ორგანოში ,,ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ ორი წლის მანძილზე, დიდი დრო თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბების პროცედურებზე დაიხარჯა. მერიაში კი მთავარ მიღწევად იმას თვლიან, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე, პროექტები მოსახლეობასთან შეთანხმებით ხორციელდება.
წარმომადგენლობით და თვითმმართველ ორგანოებში მუშაობისთვის, არჩეულ პირებს, კიდევ ერთი წელი აქვთ. მოსახლეობა 2017 წლის ოქტომბერში გადაწყვეტს, დარჩება თუ არა იგივე გუნდი ადგილობრივ ხელისუფლებაში.
|