რეგიონი
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა რუსეთის ენერგორესურსების საფასურის რუბლით გადახდაზე უარი თქვეს
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსების საფასურის რუბლით გადახდაზე უარს აცხადებენ. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის რობერტ ჰაბეკის თქმით, ისინი მოსკოვის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებენ. ჰაბეკის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ყველა მინისტრი ერთსულოვანი იყო, რომ ეს არის არსებული ხელშეკრულებების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა.
„რუბლით გადახდა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ დაზარალებულ კომპანიებს, არ დაემორჩილონ პუტინის მოთხოვნას“, - აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრის საპასუხოდ, ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ივან აბრამოვმა აღნიშნა, რომ „დიდი შვიდეულის“ უარი აუცილებლად გამოიწვევს გაზის მიწოდების შეწყვეტას.
შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „არამეგობრულ" ქვეყნებს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდა მოსთხოვა.
„დიდი შვიდეული“ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებს წარმოადგენენ, მასში კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები შედიან. ყველა ეს ქვეყანა რუსეთის მიერ „არამეგობრული ქვეყნების სიაშია“ შეყვანილი.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :