ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთები შესაძლოა, 49-წლიანი სარგებლობის
უფლებით გადაეცეთ. ასეთ შესაძლებლობას “სახელმწიფო ქონების შესახებ”
კანონში დაგეგმილი ცვლილებები ქმნის, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრომ და ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოამზადეს.
კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. პროექტის გათვალისწინებით,
ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების
სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არაუმეტეს 49 წლის ვადით.
ამასთან, უქმდება შეზღუდვა პრივატიზებას დაქვემდებარებული
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარგებლობაში
გადაცემაზე. საგრებლობაში გადაცემას დაექვემდებარება, როგორც
პრივატიზებას დაქვემდებარებული, ისე დაუქვემდებარებელი მიწის
ნაკვეთები. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით
პარლამენტს მიღებული აქვს კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებსა და
უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხო ქვეყნის
მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს მიწებზე
საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდათ. პარლამენტის მიერ მიღებული
კანონით, ეს მორატორიუმი 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს. გარდა
ამისა, მმართველმა გუნდმა ამ მიმართულებით კიდევ ერთი საკანონმდებლო
ინიციატივა მიიღო და აღნიშნულ პერიოდამდე სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლა და მისი
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანა შეაჩერა. წყარო:
ინტერპრესნიუსი.