სოფელ ანში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ვეტერინარული გამოკვლევა,
რომელიც რამდენიმე თვეა გაჭიანურდა, მიმდინარე თვეში ჩაუტარდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში
აცხადებენ, რომ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 3 ივნისს
ახალციხის ზონალურ–დიაგნოსტიკურ ლაბორატორიასთან გაფორმდა,
სამმართველოს თანამშრომლებს უფლება აქვთ სოფელ ანში, პირუტყვზე
ჩატარებული ანალიზები 31 ივნისამდე ჩააბარონ. ლია ბექურის
განმარტებით, ცხოველის სისხლს აღნიშნულ ლაბორატორიაში
გამოიკვლევენ, რის შემდეგაც გადამჭრელი ზომები მიიღება.
რამდენიმე თვის წინ სოფელ ანში ბრუცელოზის დაავადების გამოვლენის
შემდეგ, საჭირო გახდა გამოკვლევის ჩატარება, რასთან დაკავშირებითაც
ფინანსური დახმარება, საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფს“
უნდა გაეწია. მას კი დასტური სურსათის ეროვნული სააგენტოსგან
სჭირდებოდა. საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსა“ და სურსათის
ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი 20 მაისს გაფორმდა, რომლის
ფარგლებშიც ანში დარჩენილი პირუტყვისთვის ანალიზები რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებს უნდა აეღოთ. „მერსი ქორფსის“ პროგრამა
„ალიანსების“ კოორდინატორი ნინო რუხაძე განმარტავს, რომ გაურკვევლობა
სურსათის ეროვნულ სააგენტოში მოხდა, რადგან ცენტრალურმა
ხელმძღვანელობამ რეგიონულ სამსახურს პროცესის დაწყება დროულად არ
დაავალა. „ამ დროისათვის სიტუაცია გარკვეულია და ანალიზების აღება
ახლო მომავალში დაიწყება“ – განმარტავს ნინო რუხაძე. სოფელ ანში
ბრუცელოზი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში 4 თვის წინ დაფიქსირდა.
დაავადებასთან დაკავშირებით გამოკვლევა 100 სულს ჩაუტარდა, რისთვისაც
სურსათის ეროვნულ სააგენტოს თანხა ახალციხის მუნიციპალიტეტის
გამგეობამ გადაურიცხა.