სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ
დანელია ხრიდოლის აკადემიის მიერ ორგანიზებულ პროექტში
„საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სოფლის მეურნეობის კუთხით“
მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. პროექტი შვეიცარიის განვითარების ფონდისა
და მერსი კორპის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად
სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაციას ისახავს, მასში
ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას. თბილისისა და სამცხე-ჯავახეთის
უმაღლესი სასწავლებლებიდან პროექტში მონაწილეობისათვის 36
სტუდენტი შეირჩა, რომლებმაც დაინტერესება გამოთქვეს სოფლის
მეურნეობის დარგში არსებული ვითარებას და მიმდინარე პროექტებს
გაცნობოდნენ. ,,დღეს, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით სოფლის
მეურნეობის დარგის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოხარული ვარ, რომ
ახალგაზრდები დაინტერესებული ხართ სოფლის მეურნეობით და გსურთ თქვენი
სამომავლო საქმიქნობა დაუკავშიროთ ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი
დარგს. მისასალმებელია, რომ დღეს უკვე ინგრევა წლების განმავლობაში
ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, აგრარული სპეციალობების ნაკლებად
პრესტიჟულობასთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობის ეფექტიანად
განვითარებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების
მაქსიმალურ ჩართულობას. ჩვენ მზად ვართ შევქმნად სათანადო პირობები,
რომ თქვენი სპეციალობების მიხედვით სოფლის მეურნეობის სამინისტროს
დაქვემდებარებაში არსებულ სხვადასხვა უწყებებში გაიაროთ სტაჟირება“, –
განაცხადა ოთარ დანელიამ. შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან
ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა განიხილეს. ოთარ დანელიას
განცხადებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმება
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოსთვის
ევროკავშირის შიდა ბაზარი გაიხსნება, რაც თავისთავად დიდად
წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას, არამედ მნიშვნელოვანია ისიც, რომ
DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოების ევროპული სტანდარტი
დამკვიდრდება, რაც თავის მხრივ გაზრდის სასურსათო უსაფრთხოების დონეს.