საბაჟო გამშვებ პუნქტზე – „ნინოწმინდა“ – განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის
საფუძველზე, ბულგარეთის მოქალაქეების ს.ბ.პ.-ისა და გ.ვ.ა.-ის
ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 6,295 გრამი კოკაინი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა კოკაინის შემოტანის ფაქტი 24
იანვარს დააფიქსირეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამართველოს
საგამოძიებო სამსახურს გადეცა. შსს–ს ინფორმაციით, სასაზღვრო
კონტროლის გავლისას, დაკავებულებს სხეულზე წებოვანი ლენტით
მიმაგრებული, 10 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩნდათ. სამართალდამცველებმა მათი
პირადი ჩხრეკისას 8,5 კგ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც
ექსპერტიზის დასკვნით 6,295 კგ კოკაინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა,
რომ დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალება სომხეთის რესპუბლიკიდან
საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ. დადგინდა, რომ ამოღებული
ნარკოტიკის ღირებულება 2 მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს. გამოძიება
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 და მე-4
ნაწილებით).