ვარძიაში ისტორიული ძეგლის გადარჩენის მიზნით
კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ
გახსნეს. კონფერენციაზე ქართველ მომხსენებლებთან ერთად იმყოფება
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი
თეოდორეც. საგანგებო სტუმრის სტატუსით კი იტალიის
გეოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იუნესკოს
კონსულტანტი, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი
კლაუდიო მარგოტინია მიწვეული. კონფერენციაზე განხილული იქნება
სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანსაც ვარძიის, როგორც კულტურული
მემკვიდრეობის მნიშვნელობანი ძეგლის გადარჩენა წარმოადგენს. “ვარძია
ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი უმმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლია . მრავლად არის პრობლემები ვარძიაში. ამიტომ მეორედ ტარდება
ასეთი კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ვარძიის პრობლემებს. მე ვფიქრობ,
რომ წლევანდელი კონფერენცია ქმედით ნაბიჯებზე იქნება გათვლილი, რაც
გულისხმობს, რომ ვიწყებთ მენეჯმენტ გეგმის შემუშავებას, ვარძიის
დოკუმენტირებას და რისი მთავარი შემადგენელი ნაწილიც იქნება მისი
კონსერვაციის გეგმა. კონსერვაციის გეგმა გულისხმობს ძეგლის
გამაგრებას, შენარჩუნებას იმ სახით რა სახითაც მოვიდა ჩვენამდე.
ზოგადად მენეჯმენტ გეგმა ეს არის მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის
მოთხოვნა და საერთოდ, საერთაშორისო სტანდარტი. მოგეხსენებათ, ძეგლი
ნომინირებულია და ჩვენი მიზანია, იგი უკვე შევიდეს მსოფლიო
კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმულ ნაბიჯად
შეიძლება ჩაითვალოს ვარძიისთვის” – განაცხადა კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა
ანთიძემ. ვარძიაში ქვათა ცვენის შეჩერებისა და მისი გადარჩენის
მიზნით, სამდღიანი ვორქშოპი 7 ივლისს დაიწყო, რომელსაც
ორგანიზებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
უწევს.