პრემიერ-მინისტრისგან მივიღე ისეთი შეურაცხყოფა, რომელსაც არ
ვიმსახურებ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ტარიელ
ლონდარიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა , სადაც ის, ასევე
დეპუტატებთან გიორგი ვაშაძე და აკაკი ბობოხიძესთან ერთად მთის
განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომაზე დასასწრებად მივიდა.
კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება მისცეს მხოლოდ ტარიელ ლონდარიძეს,
რადგან ის აღნიშნული კომისიის წევრია. თუმცა სხდომაზე შესულმა
ლონდარიძემ სიტყვა ითხოვა, მაგრამ პრემიერმა მას დალოდებისკენ
მოუწოდა, საბოლოო ჯამში კი, ლონდარიძეს კომისიის სხდომა დაატოვებინეს.
როგორც სხდომის დატოვების შემდეგ ლონდარიძემ აღნიშნა, ის არის მთის
განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრი, იქიდან გამომდინარე, რომ
ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონს, ასპინძის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს.
მისივე თქმით, მას სურვილი ჰქონდა და აქვს კიდეც, რომ ამ ტიპის
კომისიის მუშაობაში აქტიურად იყოს ჩართული. “მოვედი რომ დავსწრებოდი
ამ კომისიას და დღის წესრიგთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები
დამესვა პრემიერ-მინისტრისთვის და რამდენიმე საკითხი დღის წესრიგში
შეგვეტანა. იმის მაგივრად, რომ პრემიერ-მინისტრს, ამ კომისიის
ხელმძღვანელს, მოეცა ჩემთვის საშუალება დღის წესრიგთან დაკავშირებით
ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა და გარკვეული წინადადებები შემეტანა,
ამის ნაცვლად ბატონი ირაკლი არის რატომღაც აღშფოთებული. მე ვფიქრობ,
რომ ეს პიროვნება არის სრულიად აგონიაში. დამადანაშაულა, რომ მისული
ვარ დებოშის ასატეხად და პრობლემების შესაქმნელად. ამის სურვილი არც
გამაჩნდა და არც გამაჩნია”, – განაცხადა ლონდარიძემ. როგორც
ლონდარიძემ აღნიშნა, მას სურდა დაეყენებინა საკითხი, რომ სხდომაზე
დასწრების უფლება მიეცათ აკაკი ბობოხიძისთვის და გიორგი ვაშაძისთვის.
“აქ მოსულები არიან ჩემი მეგობრები. მაგალითად, მე წარმოვადგენ
სამცხე-ჯავახეთს, მაგრამ კომისიაში დასავლეთ საქართველოდან არ არის
წარმომადგენელი და სურვილი იყო, რომ აკაკი ბობოხიძე ასევე დასწრებოდა,
“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციიდან კი, გიორგი ვაშაძე. გვსურდა, რომ
ჩვენი სურვილები და წინადადებები გამოგვეთქვა ამ კომისიასთან
დაკავშირებით. პირადად პრემიერისგან მივიღე ისეთი შეურაცხყოფა
რომელსაც არ ვიმსახურებ და არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს”, –
განაცხადა ლონდარიძემ. როგორც მან აღნიშნა, მისი კოლეგების სხდომაზე
დაუშვებლობის საფუძველი არ არსებობდა, იქედან გამომდინარე, რომ მათ
რამდენიმე დღის წინ როცა საკითხი დღის წესრიგში დადგა, მთავრობის
ადმინისტრაციას აცნობეს, თუ ვინ დაესწებოდა აღნიშნულ სხდომას. “მათგან
მივიღეთ თანხმობა, კი ბატონო, მობრძანდით, დაესწრებით”, – განაცხადა
ლონდარიძემ. მისივე თქმით, ასევე სხდომას უნდა დასწრებოდა მეოთხე
წევრი ვაჟა ჩიტაშვილი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღეს
მისვლა ვერ შეძლო.
წყარო:http://www.interpressnews.ge/ge/politika/351354-tariel-londaridze-premierisgan-mivighe-isethi-sheurackhyofa-romelsac-ar-vimsakhureb.html