ქართველმა სპორტსმენმა და მოგზაურმა ჯუბერ ლეჟავამ მოგზაურობის მორიგი
ტური დაიწყო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის
სამსახურის ინფორმაციით, სპორტსმენი ხვალ, ახალციხეს 17:00 საათზე
ესტუმრება. ქართველმა მოგზაურმა, 74 წლის ასაკში, მსოფლიოს შემოვლა
ველოსიპედით კიდევ ერთხელ გადაწყვიტა. პირველი ტურის ფარგლებში იგი
საქართველოს გარშემო მოგზაურობს. მეორე ტური ჯუმბერ ლეჟავას 9
მაისისთვის აქვს დაგეგმილი, რომლის დროსაც სპორტსმენი ევრაზიის
ქვეყნებში ჩავა. „ქართველი მოგზაური მორიგ ტურს საქართველოს
კათოლიკოს–პატრიატქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის
ლოცვა–კურთხევით ახორციელებს“ – აღნიშნა კულტურის სამსახურის უფროსმა
კახა კოპაძემ „მე–9 არხთან“ საუბრისას. მოგზაურმა სტარტი თბილისიდან
13 აპრილს აიღო. იგი დედაქალაქში კახეთიდან 29 აპრილს დაბრუნდება.
სპორტსმენმა მსოფლიოს გარშემო, პირველად, 1993–2003 წლებში იმოგზაურა.
3333 დღის განმავლობაში მან აზიის, ავსტრალიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ
ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოუკიდებელი
ტერიტორია შემოიარა. გარდა ამისა, ორჯერ იმყოფებოდა ანტარქტიდაზე.
ჯუმბერ ლეჟავამ 1990–92 წლებში ჰორიზონტალური მდგომარეობიდან
მკლავებზე აზიდვებში მსოფლიო და გინესის რეკორდები დაამყარა. მოგზაური
საქართველოს სახელმწიფო პრემიით – ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის
ორდენითაა დაჯილდოვებული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან
ჯუმბერ ჯეჟავას მინიჭებული აქვს „მოგზაურის დიპლომატის“ სტატუსი, ხოლო
იუნესკოსგან – „მსოფლიო სპორტსმენის“ დიპლომი.